კაფე - სანაყინეების ქართული ბრენდი „ლუკა პოლარე“ ქვეყნის საზღვრებს გარეთ განვითარებას განაგრძობს. კომპანიამ რიგით მე-2 ფილიალი ბაქოში ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა.
როგორც BM.GE-ის კომპანიაში უთხრეს, აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოებისთვის ჯამში 150 000 დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ამასთან, „ლუკა პოლარე“ მიმდინარე სეზონზე ბაქოში კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნას გეგმავს.
„ვაგრძელებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარებას. ამ ეტაპზე ბაქოში განსხვავებული კონცეფციის ფილიალი გავხსენით, რომელიც გამორჩეულია, როგორც დიზაინით, ასევე პროდუქტის მრავალფეროვნებით. ფილიალში მოწყობილია საბავშვო სივრცე, რომელიც ასევე სიახლეა.
მიმდინარე სეზონზე ბაქოში კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობ, ახალ სეზონს ბაქოში აქტიურად შევხვდებით“, - ამბობს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.
„ლუკა პოლარე“ საქართველოს ფარგლებს 2023 წლის ზაფხულში გასცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი აგვისტოში გახსნა, რისთვისაც 250 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა. აზერბაიჯანის ფილიალებს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტები ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა.
კომპანიის ინფორმაციით, კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ მომხმარებელს 100-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში - 16 ფილიალი, ბათუმში -5, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1, რუსთავში - 1, აზერბაიჯანში კი ბაქოში - 2 ფილიალით.