საბროკერო კომპანია Barclays-ი მოელის, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის მხრიდან მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკის კიდევ ორჯერ გამკაცრდება.
როგორც ირკვევა, ბრიტანული ფინანსური ინსტიტუტი საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით მატებას სექტემბერსა და დეკემბერში მოელის. არსებული ინფორმაციით, პროგნოზის ცვლილება უშუალოდ უკავშირდება FED-ის თავმჯდომარის, კევინ უორშის ბოლოდროინდელ მკაცრ რიტორიკას, რომელმაც ჯექსონ-ჰოულის ეკონომიკურ სიმპოზიუმზე მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების შესაძლებლობაზე ღიად ისაუბრა.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ინფლაციის მაღალ მაჩვენებელსა და ფინანსური პირობების არასაკმარის სიმკაცრეზეც მიუთითა. უორშის განცხადებით, თუ მარეგულირებელი 2%-იან სამიზნე ნიშნულთან ინფლაციის დაბრუნებაში დარწმუნებული არ იქნება, პოლიტიკის გამკაცრება დღის წესრიგში კვლავ დარჩება.
კევინ უორშის განცხადების შემდეგ ინვესტორებმა სექტემბრის სხდომაზე განაკვეთის ზრდის ალბათობა მნიშვნელოვნად გაზარდეს. CME Group-ის FedWatch-ის ინსტრუმენტის მიხედვით, ტრეიდერები სექტემბერში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობას 60.4%-ით აფასებენ.
ცნობისთვის, ჯექსონ-ჰოულის ყოველწლიური ეკონომიკური სიმპოზიუმი ვაიომინგის შტატში გაიმართა, სადაც გლობალური ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მიმდინარე მაკროეკონომიკურ გამოწვევებს განიხილავდნენ. რაც შეეხება აშშ-ის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგ სხდომას, ის 16 სექტემბერს შედგება.




























