კატალონიური “ბარსელონა” სულ მალე მსოფლიოში უმსხვილეს სპორტული ტანსაცმლის ბრენდ “ნაიკთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამერიკული ბრენდი კლუბს წლიურად 140 მილიონ ევროს გადაუხდის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი გუნდის ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ მოითხოვს კონტრაქტის გაგრძელებისთვის 150 მილიონი დოლარის მიღებას, მაშინ წლიური შემოსავალი 125 მილიონამდე შემცირდება.
ამ გარიგებით “ბარსა” ფეარ პლეის წესებს დაიცავს და ფინანსურ რეგულაციასაც დააკმაყოფილებს.
ბოლო წლებია კლუბს ტრანსფერების განხორციელებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები აქვს, ამ შეთანხმების შედეგად კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ სპონსორისგან მიღებული თანხა სატრანსფერო მიზნებისთვის გამოიყენონ, ახალი მოთამაშეები შეიძინონ და დაარეგისტრირონ.
ესპანური ლა ლიგის ამჟამინდელი წესის მიხედვით, გუნდებს შესაძლებლობა ეძლევათ ტრანსფერებში 25-დან 35%-მდე დახარჯონ, რაც ხშირად არასაკმარისია ხოლმე.
მხარეები შეთანხმების გაფორმებას ოქტომბრის ბოლოსთვის გეგმავენ და “ბლაუგრანა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ხელსაყრელ სიტუაციაში იქნება.