საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოზე BARTA 2024-ზე კომპანიებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ მსოფლიო ბანკის უფროსმა კონსულტანტმა მართვის სფეროში, ირინა გორდელაძემ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
როგორც მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში, ირინა გორდელაძე აცხადებს, წელს კონკურსს ორი ახალი ნომინაცია ემატება, მათ შორისაა, საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის ნომინაცია.
მისი ცნობით, კონკურსის მიზანი, გამჭვირვალობის ხარისხის ზრდა და უკეთესი გამჟღავნების სტანდარტებია.
„წელს გადავწყვიტეთ, რომ კონკურსს ორი ნომინაცია დავამატოთ. პირველი, ეს არის საუკეთესო დებიუტანტი კომპანია. მიზეზი ისაა, რომ ახალი კომპანიებისგან ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა, ვინაიდან ისინი ახალბედა კომპანიები იქნებიან, გვინდა, რომ წავახალისოთ და მათთვის ასეთი სპეციალური ჯილდო შევქმენით. კომპანიები, რომლებმაც პირველად შემოიტანეს ანგარიშგებები, მათგან საუკეთესო შეირჩევა და დაჯილდოვდება.
რაც შეეხება მეორე ჯილდოს, რაც დავამატეთ წელს, ეს არის ისევ და ისევ საუკეთესო მდგრადობისთვის ანგარიშგებისთვის ჯილდო. ზოგადად, ეს არის საერთაშორისო მიმდინარეობა და ტრენდი კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის მიღების შემდეგ, ევროკავშირში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს სფერო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია ყველა კატეგორიას თავისი ჯილდო ჰქონდეს, რომ კომპანიები შეეჯიბრონ ამ ჯილდოს მიღებაში. შესაბამისად, კორპორაციულ მდგრადობას უკვე სამი ჯილდო ექნება“,- განაცხადა გორდელაძემ.
რაც შეეხება ტენდენციას, მისივე ინფორმაციით, განცხადებების ძირითადი მასა ბოლო ორ კვირაში შედის ხოლმე, შესაბამისად, კონკრეტული ტენდენცია ვერ სახელდება. თუმცა გასული წლების ტენდენციით, ყოველ წელს განცხადებების რაოდენობა მზარდია და სავარაუდოა, რომ წელსაც ეს ტენდენცია შენარჩუნდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის თქმით კი, BARTA-ს ბანკი დაარსების დღიდან მხარს უჭერს. მისივე ცნობით, გამჭვირვალობა კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია.
„გამჭვირვალობა კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია, ვინაიდან გამჭვირვალედ, კარგად წარმოჩენილი მიზნები, ხედვები, რისკების შეფასება და ზოგადად მმართველობის პრინციპები, კომპანიის მიერ არის ნდობის საფუძველი. რაც თავისთავად ინვესტორებში და ზოგადად ბაზარზე უკვე საფუძველია იმისა, რომ აქტივობა გაიზარდოს. სები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ჩვენ ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რათა მათი ფინანსური და მმართველობით ანგარიშგება იქნება ეს ნახევარწლიური თუ ყოველწლიური, მაქსიმალურად იყოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ეს რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის, მაღალი სტანდარტების და უკვე ნდობის საფუძველია. ეს არის საფუძველი იმისა, თუ რა ტენდენციები და წარმატებებიც გვაქვს კაპიტალის ბაზარზე. სრულყოფილი ნამდვილად არ არის. თუმცა ეს კიდევ ერთი ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია გამჭვირვალობის მიმართულებით“,- აცხადებს მიქაბაძე.