მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BARTA-ში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაწყებულია - "მსურველების რიცხვი იზრდება"

63259048eca45
მარიამ იზორია
17.09.22 13:58
664
ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით 2022 წლის კონკურსის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოსთვის რეგისტრაცია დაწყებულია.

წლევანდელი BARTA ღიაა საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის, რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი კომპანიები, ბანკები თუ სადაზღვევო კომპანიები. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.

„მსოფლიო ბანკის“ უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში, ირინა გორდელაძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში მიმდინარე წელს გამოცხადებულ კონკურსზე საუბრობს.

როგორც ის აღნიშნავს, ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

მისივე განმარტებით, უკვე მეოთხე წელია, რაც BARTA-ს კონკურსი ტარდება და წლიდან წლამდე მონაწილეობის მსურველი კომპანიების რიცხვი საგრძნობლად იზრდება. ამასთან, ირინა გორდელაძის თქმით, 2022 წელს BARTA-ს კონკურსს ორი ახალი ნომინაცია დაემატა.

„მონაწილეობის მსურველი კომპანიების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ კონკურსი გავაფართოვეთ და მასში მონაწილეობის მიღების უფლება ყველა საზოგადოებრივ დაინტერესების პირს მივეცით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში განაცხადის შემოტანა 160 კომპანიას შეუძლია.

რაც შეეხება ნომინაციებს, ესენია: მსხვილი ფინანსური კომპანია, მსხვილი არაფინანსური კომპანია, მცირე და საშუალო კომპანია, მეოთხე - ცვალებადი ნომინაცია და მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის ნომინაცია“ - აღნიშნავს ის.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ BARTA-ს კონკურსში მონაწილეობის აუცილებლობა კიდევ უფრო მეტმა კომპანიამ დაინახოს? - მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტის შეფასებით, უპირველესად ცნობიერება უნდა ამაღლდეს.

„გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსურ სექტორში, კორპორაციულ სექტორში. დროული და სანდო ინფორმაცია საშუალებას აძლევს ინვესტორს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება - ეს ყველა კომპანიამ უნდა გაიაზროს.

ამასთან, აუცილებელია კომპანიებისთვის ტრენინგები რათა ისინი მომზადებულები იყვნენ ამ კონკურსისთვის, ჰქონდეთ კარგი ხარისხის ანგარიში და პრეტენზია გამარჯვებაზე“ - აცხადებს ირინა გორდელაძე.

ინფორმაციისთვის: BARTA-ს კონკურსში რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები