ტურისტული კომპანია „რია თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი მარიამ ხოსროშვილი კახეთში არსებულ „ბართლომეს მეღვინეობას“ ავითარებს, რომელიც 2026 წლის აგვისტოდან, საქმიანობას საოჯახო სასტუმროს კონცეფციით გააგრძელებს.
მარიამ ხოსროშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ობიექტი ყვარელში მდებარეობს და სტუმრებს ავთენტიკურ გარემოს, ბუტიკის ტიპის ნომრებს, ღვინის დეგუსტაციებსა და მასტერკლასებს შესთავაზებს.
„ჩვენი ტურისტული ობიექტი „ბართლომეს მეღვინეობა“ კახეთის რეგიონში, ყვარელში გვაქვს, რომელიც უკვე ორი წელია ბაზარზე პოზიციონირებს. თავდაპირველად უფრო მეტად კვების მიმართულება და დეგუსტაციები იყო გააქტიურებული, თუმცა 2026 წლის აგვისტოდან უკვე ვპოზიციონირებთ როგორც საოჯახო სასტუმრო.
ჩვენთან მოსულ ტურისტებს ადგილზე ავთენტიკური გარემო, ბუტიკის სტილის ნომრები, დეგუსტაციები და მასტერკლასები ხვდებათ. ყვარელი არის ლოკაცია, რომელიც სავსეა კულტურული ძეგლებითა და საინტერესო სანახაობებით“, - აღნიშნა მან.
ტურისტული კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, პროექტის განვითარება ტურიზმში არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა.
„ხშირად მჭირდებოდა საოჯახო მეურნეობები, ავთენტიკური გარემო, თუმცა არ მინდოდა ოთხ-ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს კონცეფციები. ამ მიმართულებით სერვისის პრობლემებს ვხვდებოდი და გადავწყვიტე, რომ ჩვენი სახლი განმეახლებინა“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ „ბართლომეს მეღვინეობა“ სტუმრებს ამ ეტაპზე ღვინის დეგუსტაციებს, კვებასა და განთავსების სერვისს სთავაზობს. ობიექტს დაახლოებით 20 ტურისტის მიღება შეუძლია.
„გვაქვს გეგმები გასტრონომიული ტურიზმის, მასტერკლასების მიმართულებითაც. ასევე გვინდა კულტურული ტურების განვითარება, რადგან ლოკაციის გამო გვაქვს შესაძლებლობა, სტუმრებს კახეთის მნიშვნელოვანი ადგილები შევთავაზოთ“, - აღნიშნა მარიამ ხოსროშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კახეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ გამოყენებაა. "კახეთს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ტურიზმისთვის, რადგან შედარებით გრძელვადიანი სეზონით ხასიათდება და ძალიან ბევრ საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს ტურისტებს კულტურული, რელიგიური და გასტრონომიული მიმართულებით“, - განაცხადა მან.




























