მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბართლომეს მეღვინეობა" მომავალ წელს გაფართოებას გეგმავს - რას სთავაზობს კომპანია სტუმრებს?

ბართლომეს მეღვინეობა

ტურისტული ობიექტი „ბართლომეს მეღვინეობა“ მომავალ წელს გაფართოებას და საკუთარ ლოკაციაზე კვების ობიექტების დამატებას გეგმავს. ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახო მეურნეობამ, მეღვინეობასთან ერთად, ტურისტებისთვის მასტერკლასების, ღვინის დეგუსტაციისა და განთავსების სერვისების შეთავაზებაც დაიწყო.

როგორც „ბართლომეს მეღვინეობისა“ და ტურისტული კომპანია „რია თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა მარიამ ხოსროშვილმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა, მიმდინარე შემოდგომის სეზონს კომპანია დადებითი შედეგებით ასრულებს. მისივე თქმით, სტუმრებს შორის არიან როგორც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, ისე საქართველოს მოქალაქეები.

„ჩვენ უკვე გავხსენით საოჯახო სასტუმრო, რომელიც სტუმრებს მასტერკლასებს, დეგუსტაციასა და განთავსების მომსახურებას სთავაზობს. შემიძლია ვთქვა, რომ კახეთის შემოდგომის სეზონს წარმატებით ვასრულებთ. გვყავდა სტუმრები არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ საქართველოდანაც, ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად გვსტუმრობს.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩინეთის მიმართულების გააქტიურებას. ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მიმართ ინტერესი გაიზარდა. ჩვენი ტურისტული კომპანიაც ამ მიმართულებით მუშაობს კომბინირებულ ტურებზე, ხოლო „ბართლომეს მეღვინეობა“ ამ ტურების ფარგლებში სტუმრებს ლანჩს, დეგუსტაციასა და ადგილობრივ, ავთენტიკურ გამოცდილებას სთავაზობს. აზერბაიჯანიდან მომავალი ტურისტული ნაკადებიც ხშირად ჩერდებიან ჩვენს მეღვინეობაში“, – განაცხადა მარიამ ხოსროშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიის მდებარეობა ტურისტებისთვის დამატებითი უპირატესობაა, რადგან მის სიახლოვეს კახეთის მნიშვნელოვანი ტურისტული და კულტურული ობიექტები, სასტუმროები და მარნებია განთავსებული.

„ჩვენი ლოკაცია საკმაოდ ხელსაყრელია. მთავარანგელოზის ეკლესიამდე დაახლოებით 5 წუთის სავალი გზაა, ნეკრესამდე – 10 წუთი, ალავერდამდე კი 15 წუთი. ჩვენს გარშემო ბევრი ცნობილი სასტუმრო, შატო და მარანია. გვქონია შემთხვევები, როდესაც სტუმარი, მაგალითად, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლოპოტაში“ ჩერდება, შემდეგ კი ჩვენთან მოდის და საოჯახო გარემოში ავთენტურ გამოცდილებას იღებს. ასევე გვქონია ღონისძიებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ახლომდებარე სასტუმროებიდან ხშირად გვყავს სტუმრები, მათ შორის მათი თანამშრომლები, რომელთა განთავსებაც ჩვენს სასტუმროში ხდება. მოხარული ვართ, რომ ყვარლის რაიონი ვითარდება, უფრო მეტი ადამიანი ეცნობა ჩვენს გარემოს და იმ გამოცდილებას, რომლის შეთავაზებაც შეგვიძლია“, – აღნიშნა მან.

ხოსროშვილის განცხადებით, მიღებული გამოცდილებისა და მიმდინარე სეზონის შედეგების გათვალისწინებით, კომპანია მომავალი წლისთვის გაფართოებას გეგმავს.

„მომავალი წლისთვის გაფართოებას ვგეგმავთ და გვინდა, ჩვენს ლოკაციაზე კვების ობიექტებიც დავამატოთ. დადებითად ვაფასებთ საოჯახო მეურნეობის საქმიანობას და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა გვაქვს“, – განაცხადა მარიამ ხოსროშვილმა.

რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადები ამ დროს შემცირდება, თუმცა კახეთი ნოემბერშიც აქტიურ ტურისტულ სეზონს ინარჩუნებს. მისი თქმით, რთველი და ღვინის ტურიზმი რეგიონში ვიზიტორების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, კომპანიას დეკემბრის შაბათ-კვირებზეც უკვე აქვს ჯავშნები.

ხოსროშვილის შეფასებით, თელავის აეროპორტის სამომავლოდ საერთაშორისო მიმართულებით განვითარება და მეზობელ ქვეყნებთან პირდაპირი ფრენების დანიშვნა კახეთის ტურისტულ ბიზნესს სეზონურობის შემცირებაში დაეხმარებოდა.

„ნაკადები ზამთარში ნამდვილად შემცირდება, თუმცა ნოემბერი კახეთისთვის კვლავ მაღალი სეზონის თვეა, რადგან ამ პერიოდში რთველი და მასთან დაკავშირებული ტურისტული აქტივობა გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ კახეთის ტურისტულ პოტენციალზე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაშინ, როდესაც სხვა რეგიონებში სეზონი უკვე დასრულებულია, ჩვენთან სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი აქტიური პერიოდია.

ამ ეტაპზე უკვე გვაქვს დეკემბრის ჯავშნებიც, ძირითადად შაბათ-კვირებზე. თუ მომავალში თელავის აეროპორტიდან მეზობელ ქვეყნებთან პირდაპირი რეისების დანიშვნაც განიხილება, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის შაბათ-კვირის ვიზიტებს და კახეთს შესაძლებლობას მისცემს, სტუმრები წლის 12 თვის განმავლობაში მიიღოს“, – განაცხადა მარიამ ხოსროშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები