თელავის აეროპორტის ამოქმედება კახეთში ტურისტული ნაკადების ზრდასა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.
რეგიონში მოქმედი „ბართლომეს მეღვინეობისა“ და ტურისტული კომპანია „რია თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელი მარიამ ხოსროშვილი მიიჩნევს, რომ აეროპორტის პროექტთან ერთად მნიშვნელოვანია თანმდევი ინფრასტრუქტურის, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და გზების განვითარებაც.
როგორც ხოსროშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, თელავის აეროპორტის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებისთვის. მისივე თქმით, „ბართლომეს მეღვინეობა“ აეროპორტიდან დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს, შესაბამისად, ახალი ინფრასტრუქტურა უშუალოდ კომპანიის საქმიანობაზეც შეიძლება აისახოს.
„თელავის აეროპორტის მშენებლობა თელავისთვის, მიმდებარე სოფლებისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ყვარლის სოფლებისთვის, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. კახეთი ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ტურისტული რეგიონია საქართველოში. გვყავს როგორც ევროპელი მაღალხარჯვადი ტურისტები, ასევე სტუმრები გალფის ქვეყნებიდან და მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. ამ ბაზრებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ და ვიზიტებიც მხოლოდ ერთ სეზონზე არ არის კონცენტრირებული. შესაბამისად, აეროპორტის განვითარება რეგიონს დამატებით შესაძლებლობებს გაუჩენს“, – განაცხადა მარიამ ხოსროშვილმა.
მისივე შეფასებით, აეროპორტის საერთაშორისო მიმართულებით განვითარება სამომავლოდ კახეთის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის. ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ თელავის აეროპორტს წარსულში საერთაშორისო რეისებიც ჰქონდა და ამ შესაძლებლობის აღდგენა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის შაბათ - კვირის ტურისტული ვიზიტების ზრდას შეუწყობდა ხელს.
„პირველ ეტაპზე, როგორც ვიცი, ეს შიდა აეროპორტი იქნება, თუმცა ძალიან კარგი იქნება, თუ მომავალში საერთაშორისო აეროპორტის სტატუსითაც განვითარდება. თელავის მოსახლეობას კარგად ახსოვს, რომ წარსულში აეროპორტი საერთაშორისო მიმართულებითაც ოპერირებდა, მათ შორის დუბაის, რუსეთისა და დელის მიმართულებებით. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ეს მიმართულება კვლავ გააქტიურდება და თელავი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებს მოიზიდავს.
ძირითადი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, რომლებსაც გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები ირჩევენ, სწორედ თელავისა და ყვარლის ლოკაციებზეა განთავსებული. ამიტომ აეროპორტის განვითარება ამ მიმართულებებსაც შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა მან.
მარიამ ხოსროშვილის განცხადებით, კახეთის ტურისტული სეზონი სხვა რეგიონებთან შედარებით ხანგრძლივია. რეგიონში განვითარებულია როგორც ველნეს, ისე აგროტურიზმისა და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებები. მისი თქმით, ვიზიტორებს რეგიონში ცნობილი სასტუმროები, მარნები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები იზიდავს.
ხოსროშვილი მიიჩნევს, რომ აეროპორტის მშენებლობას თანმდევი ინფრასტრუქტურული პროექტებიც უნდა ახლდეს, რათა ტურისტებმა რეგიონში გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ და ახალი შესაძლებლობებით არა მხოლოდ მსხვილმა სასტუმროებმა, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესმაც ისარგებლოს.
„როდესაც ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მნიშვნელოვანია თანმდევი პროექტების განვითარებაც – საქალაქთაშორისო ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. კახეთის ტურისტული ბაზრის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი გასტრონომიული და კულტურული ტურიზმია. ევროპიდან ჩამოსული სტუმრები ხშირად სწორედ მცირე და საშუალო მეღვინეობებსა და საოჯახო სასტუმროებს ირჩევენ. ამიტომ აეროპორტის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი ბიზნესის ეკონომიკურ საქმიანობაზეც დადებითად აისახება“, – განაცხადა მარიამ ხოსროშვილმა.
მისივე თქმით, კახეთის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონზე მეტი ყურადღების გამახვილება, რადგან ტურისტული აქტივობა მხოლოდ ზაფხულის პერიოდით არ შემოიფარგლება. ხოსროშვილის შეფასებით, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი კახეთისთვის აქტიური სეზონია, რაც აეროპორტის სამომავლო განვითარებას დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს.
„როდესაც სხვა რეგიონებში სეზონი სრულდება, კახეთში სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი აქტიური პერიოდია. თუ მომავალში თელავის აეროპორტიდან მეზობელ ქვეყნებთან პირდაპირი რეისებიც დაინიშნება, ეს კიდევ უფრო გაზრდის შაბათ-კვირის ვიზიტებს და რეგიონს შესაძლებლობას მისცემს, ტურისტული ნაკადები მთელი წლის განმავლობაში მიიღოს“, – აღნიშნა მან.
























