მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Holiday Inn Telavi-ში დეკემბრის ჯავშნები დაბალია – სასტუმრო საახალწლო პერიოდში მოთხოვნის ზრდას ელოდება

Telavi

თელავში მდებარე სასტუმრო Holiday Inn Telavi-ში დეკემბრის ჯავშნები ამ ეტაპზე დაბალია. სასტუმროს დამფუძნებლის, შალვა ერისთავის განცხადებით, ბოლო პერიოდში სასტუმროებზე უფრო მოკლევადიანი ჯავშნები კეთდება, რის გამოც საახალწლო პერიოდის დატვირთვის წინასწარ შეფასება რთულია.

როგორც ერისთავმა BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, დეკემბრის ჯავშნები ჯერჯერობით სასურველ დონეზე არ არის, თუმცა საახალწლო ღონისძიებებმა შესაძლოა მოთხოვნაზე გავლენა მოახდინოს.

„დეკემბერი ჯერჯერობით კარგად არ გვაქვს, დიდი ვერაფერი, იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში სასტუმროების მიმართულებით უფრო მოკლევადიანი ჯავშნები კეთდება, ვიდრე გრძელვადიანი,“, - განაცხადა შალვა ერისთავმა. მისივე ვარაუდით, გიორგობის დღესასწაულისა და საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად ჯავშნების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

რაც შეეხება გასულ პერიოდს, სასტუმროს დამფუძნებლის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე დატვირთვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 7-10%-ით გაიზარდა. მისი თქმით, სასტუმრო გასული წლის ზამთარში დაკეტილი იყო და მუშაობა მიმდინარე წლის მარტიდან განაახლა, რის გამოც 10 თვის შედეგების წლიურად შედარება რთულია.

„მე 10 თვის ანგარიშს ვერ გეტყვით, ვინაიდან ჩვენ ცოტა გვიან გავიხსენით ზამთარში, შარშან დაკეტილი ვიყავით და მარტის თვიდან დავიწყეთ მუშაობა. ზაფხული შედარებით უკეთესი იყო, ვიდრე შარშანდელი, დაახლოებით 7-10%-ის ფარგლებში. უცხოელები წელს გასულ წელთან შედარებით უფრო ბევრი იყო“, - აღნიშნა ერისთავმა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს სტუმრებს შორის იყვნენ ევროპელი, ბრიტანელი, ჩინელი და აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები. სტუმრების ეროვნების მრავალფეროვნებაზე გავლენა ჩოგბურთის ტურნირმაც მოახდინა.

ერისთავის თქმით, სასტუმროს დატვირთვაში მნიშვნელოვანი როლი აქვს სხვადასხვა ღონისძიებასა და ინდივიდუალურ ჯავშნებს. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ინდივიდუალური ჯავშნების რაოდენობაც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა, ნოემბერში კი სასტუმრო ორ საფეხბურთო გუნდს უმასპინძლებს.

„ღონისძიებები, თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია. ზოგადად, წელს ისედაც იყო ინდივიდუალური ჯავშნები გაზრდილი გასულ წელთან შედარებით. ამასთან, ნოემბერში ორი ფეხბურთის გუნდი გვყავს და, ბუნებრივია, ეს გავლენას მოახდენს დატვირთვაზე“, - განაცხადა სასტუმროს დამფუძნებელმა.

შალვა ერისთავს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელმა ფაქტორებმა განაპირობა ზაფხულის სეზონზე დატვირთვის ზრდა. მისი თქმით, ამ ტენდენციის მიზეზების ზუსტად შეფასება უჭირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები