მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი, რაც უნდა გამოსწორდეს ინფრასტრუქტურაა - ტუროპერატორი

ტურიზმი

შიდა ტურიზმის განვითარებას ინფრასტრუქტურული პრობლემები აფერხებს. ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან არ არის სათანადოდ მოწყობილი სანიტარიული წერტილები, ავტობუსების სადგომები და საინფორმაციო დაფები. ეს ხარვეზები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის მომსახურების ხარისხზე აისახება.

როგორც ბერეკაშვილი „ქალების ნარატივის“ ეთერში ამბობს, ევროპაში მოგზაურობისას ქართველი ტურისტები ხედავენ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ადგილობრივ სერვისებს ამ გამოცდილებას ადარებენ.

„ჩვენი ტურისტები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში ევროპაში ჯგუფური ტურებით მოგზაურობენ, ხედავენ, როგორია იქ ტურისტული სერვისი. ეს არ გულისხმობს მხოლოდ კარგად გაწყობილ სუფრას რესტორანში. პირველ რიგში, საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაზე, საინფორმაციო ნიშნულებსა და დაფებზე, ავტობუსების პარკინგზე, მანქანების გასაჩერებელ ადგილებსა და ქალაქებში ტურისტული ავტობუსების შეუფერხებელ გადაადგილებაზე.

ჩვენთან ეს ყველაფერი ტურისტული ჯგუფებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. მაგალითად, ქუთაისიდან უშგულში რომ წაიყვანო ტურისტული ჯგუფი, ექვსსაათიანი გზის განმავლობაში ვერ ნახავ ადგილს, სადაც ჯგუფს მიიყვან და ელემენტარულად, ნორმალურად ტუალეტში შესვლას შეძლებენ“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ტუროპერატორის შეფასებით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად.

„როდესაც უცხოელი ტურისტები ჩამოდიან, წარმოიდგინეთ, როგორ ხედავენ ამ ყველაფერს. ჩვენ გარკვეულწილად შევეჩვიეთ აქ ყოფნას და სამწუხაროდ, ზოგიერთ პრობლემასაც შევეგუეთ, მაგრამ ისინი ამას ვერ ეგუებიან. ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში ნაკლებად მხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოდიან. რა თქმა უნდა, ასე იქნება, როდესაც მაღალი მხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოდის და ბოდიში, ნორმალურ ადგილზე საპირფარეშოშიც ვერ შედის. დანახარჯის შესაბამის მომსახურებას ვერ ვთავაზობთ“, - აღნიშნა მან.

ბერეკაშვილი კიდევ ერთ პრობლემად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ქართულენოვანი საინფორმაციო დაფების ნაკლებობას ასახელებს. მაგალითად, ზარზმის მონასტერთან არსებული წარწერების მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ქართულენოვანი ანოტაციები კი სათანადოდ არ არის განთავსებული.

„პირველი, რაც უნდა გამოსწორდეს, ინფრასტრუქტურაა. კულტურულ ძეგლებთან ტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილები არ არის, არ არის სანიტარული წერტილები. რაც მთავარია, თითქმის არც ერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან არ დევს ქართული ბანერი. მაგალითად, ზარზმას ავიღებდი: იქ რუსული და შემდეგ ქართული წარწერაა, ან მხოლოდ რუსული დევს.

უკვე 34 წელი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან და მთავარ ტაძრებთან ქართულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ანოტაციების განთავსებასაც ვერ ვახერხებთ. არ არის სათანადო საინფორმაციო ნიშნულები და ბანერები. შიდა ტურიზმში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელზედაც დაუსრულებლად შემიძლია საუბარი“, - განაცხადა ტუროპერატორმა.

ბერეკაშვილის თქმით, ტურიზმის ზრდის მაჩვენებლებთან ერთად, სექტორში არსებული პრობლემების განხილვაც აუცილებელია. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კი ყველა ვიზიტორისთვის უკეთეს პირობებს შექმნის.

„როდესაც გამოდიან და ამბობენ, რომ ტურიზმში ზრდაა, მაგრამ ამ პრობლემებზე არ საუბრობენ, ჩემთვის ეს გაუგებარია. მათი მოგვარება ყველასთვის სასარგებლო იქნება. თუ მოგვარდება, ყველასთვის პლუსია, ხოლო თუ არ მოგვარდება, ყველასთვის მინუსი“, - აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები