მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმი 28-29 სექტემბერს საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს და World Travel Awards უმასპინძლებს - რიჟვაძე

შავი ზღვა ბათუმი
BM. GE
27.09.23 16:46
34

ბათუმი,  ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიებისთვის ემზადება. ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას „World Travel Awards“ საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს 20-ზე მეტი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის, მედიისა და ტურიზმის უწყებების 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესტუმრება.

მსოფლიო ტურიზმის გალა დაჯილდოების მასპინძლობის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"28-29 სექტემბერს ბათუმი მასპინძლობს საერთაშორისო ტურისტულ ფორუმს და მსოფლიო ტურიზმის Warld Travel Awards-ის ღონისძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაღალ დონეზე, უნაკლოდ ჩავატაროთ ეს ღონისძიება.

პირველად 2019 წელს მიიღო ბათუმმა ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაცია და ახლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ტურიზმის ოსკაროსან ქალაქს ერგო პატივი გალა ღონისძიება ჩატარდეს ბათუმში. გვეყოლება 20-ზე მეტი ქვეყნიდან წარმომადგენლები, როგორც მედიის, ასევე ტურისტული ინდუსტრიის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ძალიან მაღალ დონეზე შევძლოთ ამ ღონისძიების ჩატარება და ასე ამბიციურად დავასრულოთ საზღვაო ტურისტული სეზონი“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები დაესწრებიან. მათ შორის იქნებიან Euronews, Wanderlust-ის, Emerging Europe-სა და EarthPix-ი. 29 სექტემბერს, ბათუმში გაირკვევა რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებებად თუ კომპანიებად და,  რომელი მათგანი აიღებს „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

World Travel Awards-ის ნომინაციებში წელს, ბათუმთან ერთად  ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარიც იქნება წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი, ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას.

ბათუმში, World Travel Awards-ის ევროპის დაჯილდოების გალა ცერემონიასთან ერთად, გაიმართება საერთაშორისო ტურიზმის ფორუმი. ის დაჯილდოების ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 28 სექტემბერს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები