IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე სავაჭრო ცენტრების განვითარებას ბათუმსა და ქუთაისშიც განიხილავს. გეგმის შესრულების დაწყებას ბიზნესმენი ბათუმიდან აპირებს, თუმცა კონკრეტულად რა პერიოდისთვის, ამის გაჟღერებისგან თავს იკავებს.
თბილისში „სითი მოლი გლდანის“ და „სითი მოლი საბურთაოს“ მმართველი კომპანია IG Deveolopment-ის რეგიონებში განვითარების გეგმებზე, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გადაცემა #რედატ2-ში ისაუბრა.
ინვესტორი ამბობს, რომ თბილისში არსებული გლდანის მოლის გაფართოება 1.5 წელში მოხდება და ეტაპობრივად გაფართოვდება საბურთალოს ფილიალიც.
რაც შეეხება რეგიონებში „სითი მოლების“ განვითარების სტრატეგიას, მინდია საბანაძე ამბობს:
„რეგიონებში გასვლა ძალიან მინდა, უბრალოდ ამის საშუალება ეკონომიკამ უნდა მოგცეს. პირველ რიგში ბათუმს ვუყურებთ. ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია, რადგან ძალიან ბევრი ტურისტია. საკმაოდ დიდი ინვესტიციებიც იდება და ამხელა მშენებლობები და მოსახლეობის შედინება დიდ სავაჭრო ცენტრს საჭიროებს.
სავარაუდოდ, პირველი ბათუმი იქნება და შემდეგ ქუთაისში ვფიქრობ. ბათუმში დღესაც დავიწყებდი, მაგრამ ვეძებ ლოკაციას, რომელზეც ვერ შევჯერდი, რადგან საინტერესო ლოკაცია უნდა იყოს, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სავაჭრო ცენტრი ისეთ ადგილზე უნდა იყოს, სადაც ზედმეტად არც საცობი იქნება და ცენტრიდანაც არ იქნება ძალიან დაშორებული. მინდა, ჯერ ბათუმით დავიწყოთ და შემდეგ ვიფიქროთ ქუთაისზე, რადგან ქუთაისს კიდევ სჭირდება მეტი განვითარება და ინვესტიციების ჩასხმა. რასაც ვუყურებ მთავრობა ქუთაისში კონკრეტული პროექტების განვითარებას და განსაკუთრებული გარემოს შექმნას გეგმავს, რაც ხალხის ნაკადის შედინებას გამოიწვევს. ამ პერიოდისთვის ალბათ მეც ვეცდები ფეხი ავუწყო“.