მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმი-სარფის 11-კილომეტრიან მაგისტრალს და გვირაბს ₾809 მილიონად ჩინური კომპანია ააშენებს

ბათუმი-სარფი

ბათუმი სარფის მაგისტრალს, რომლის სიგრძეც 11.3 კილომეტრია ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ააშენებს. 809 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტი მოიცავს მდინარე ჭოროხზე 1.47 კილომეტრიანი ხიდის და 7.6 კილომეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობას, ასევე 500 მეტრის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობას.

პროექტზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და მასში წინადადებების წარდგენა იანვარში დასრულდა, გასული რვა თვის განმავლობაში კი სამინისტრო წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა.

"ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს უშუალოდ დაუკავშირდება. შედეგად, საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთვება. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ გზას და საკურორტო ზონას, გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის.

პროექტის განხორციელების ვადა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 48 თვეა, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 809 009 547.18 ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ხელშეკრულების გაფორმებამდე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის (CRTG) წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე პროექტის განხორციელების ძირითადი ეტაპები, სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებისა და პროექტის განსაზღვრულ ვადებსა და შესაბამისი ხარისხით შესრულების საკითხები განიხილეს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე წურწუმიამ და China Railway Tunnel Group Co., Ltd-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლიანგ ჰონგჯუნმა", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.3-კილომეტრიანი გზის პროექტი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს - გონიოს, კვარიათსა და სარფს გვერდს უვლის:

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 1 სექტემბერს კომპანია China Railway Tunnel Group Co გამარჯვებულად გამოვლინდა წიწამური-ავჭალის გვირაბის და 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობის ტენდერშიც, რაც თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტს წარმოადგენს. აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება 499 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები