საქაერონავიგაცია ბათუმის აეროპორტთან შენობების დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად კვლევის ჩატარებაზე გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. შესყიდვის ღირებულება ჯამში 518 ათასი ლარია.
სახელმწიფო კომპანია უკვე მესამედ ცდილობს ამ მომსახურების შესყიდვას, წინა ორი ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.
9 მარტს შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევა.
"სააერნაოსნო კვლევის განხორციელება უზრუნველყოფს აეროდრომის დაცვის არეში არსებული ან დაგეგმილი შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებასა და რეგულარულობაზე შესაძლო ზეგავლენის შეფასებას. აღნიშნული კვლევის საფუძველზე შესაძლებელია აეროდრომის დაცვის არეს შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირების ფარგლებში არსებული დაბრკოლებების შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრა, აგრეთვე დაცვის არეების ზონირების (მოდიფიცირების) განხორციელება, ფრენის უსაფრთხოების საერთაშორისო და ეროვნული მოთხოვნების სრული დაცვით.
შპს „საქაერონავიგაციამ“, დაკისრებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით 2025 წლის ნოემბერში გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, განმეორებით 2025 წლის დეკემბერში, კვლავ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომელიც კვლავ დასრულდა უარყოფითი შედეგით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით რომ სააერნაოსნო კვლევის განხორციელება წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, მიზანშეწონილია, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქაერონავიაგაციამ“ სააერნაოსო კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
შერჩეულმა კომპანიამ კვლევა 7 თვეში უნდა მოამზადოს, ხოლო საქაერონავიგაციას მთავრობამ დაავალა კვლევაზე ხელშეკრულება 31 მაისამდე გააფორმოს.




























