ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი გზა დღეს გაიხსნება - საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი გზას აუქცევს ბათუმს და მას სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავს.
ბათუმის შემოვლით გზაზე ხელშეკრულება 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა. პროექტს თურქული სამშენებლო/საინჟინრო კომპანია POLAT YOL & MAPA ასრულებს, ხოლო სამუშაოების ღირებულება 329.6 მილიონ ლარს შეადგენს. კონტრაქტის მიხედვით, ახალი გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა კონტრაქტორის მიერ პროექტის დაბალი ათვისების, ასევე რთული გეოლოგიური პირობების გამო, ის 4 წლით გაჭიანურდა და მხოლოდ 2024 წლის ბოლოს დასრულდა.
ბათუმის შემოვლითი გზის სიგრძეა 14 კილომეტრი და ის 20 ხიდისა და 5 გვირაბისგან შედგება. შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) საკრედიტო დაფინანსებით განხორციელდა.
ბათუმის შემოვლითი გზა ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალით უნდა გაგრძელდეს, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და საფრამდე 7.6 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. ახალი გზა გონიოს, კვარიათის და სარფის დასახლებულ ზონებს აუქცევს გვერდს. ჯერჯერობით გზის ამ მონაკვეთის სამშენებლო ტენდერი გამოცხადებული არაა.