მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება სანაპირო დავკარგოთ - გარემოს დამცველი

ჩხობაძე

საკანალიზაციო და წყლის სისტემები, კლიმატის ცვლილებაზე გავლენა, საერთაშორისო კონვენციებთან არათავსებადობა და სხვა პრობლემებია მიზეზი, რის გამოც გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ამ ფორმით გაგრძელებას ეწინააღმდეგება.

BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ თუ კუნძულის მშენებლობა ამ ფორმით გაგრძელდა, ბათუმი სანაპირო ზოლს დაკარგავს.

"ჩვენ, ველოდებოდით, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო დაახარვეზებდა. სამინისტრომ ძალიან აქტიურად იმუშავა და 36 შენიშვნა, ეს მარტივი არ არის. ვიმედოვნებ, რომ რაღაცებს გაეცემა პასუხი, მაგრამ ბევრი რამ დარჩება ამის მიღმა გასარკვევი. ჩვენ, ისიც გვაინტერესებს, რამდენად სწორად იქნება დაგეგმილი თვითონ ასეთი კუნძულის მშენებლობა. გარემოს დამცველებს გვქონდა საკმაოდ მკაფიო პოზიცია. პირველ რიგში, ვითხოვთ გაგვარკვიონ, რატომ არ იყო გათვალისწინებული ეს ბათუმის გენერალურ გეგმაში. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურული განვითარება, საერთოდ არ ითვალისწინებდა კუნძულის მშენებლობას.

მეორე თემა არის, კლიმატის ცვლილებების ფონზე, ზღვის დონის აწევა და როგორ გადაწყვეტს კომპანია ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ გზშ-ში ამაზე რაღაცები იდო, ვთვლით, რომ მაინც არ არის საკმარისი. ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც ძალიან პრობლემურია ბუქარესტის "შავი ზღვის" კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელიც საკმაოდ მკაცრია.

პრობლემატურია ასევე, წყლის მიწოდების სისტემა რამდენად სწორად იქნება დაგეგმარებული. ჩვენ ვთვლით, რომ ცირკულაცია არ იქნება საკმარისი და საკანალიზაციო სისტემასთან მიმართებით ამ ნაგებობის გამო ბევრი პრობლემა შეექმნება ბათუმს. მთლიანობაში, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ სანაპირო თუ ასე გაგრძელდა.

ახლა, ჩვენ დეტალურად ვიხილავთ შენიშვნებს, რომელიც სამინისტრომ დადო", - განაცხადა ჩხობაძემ "საქმიან დილაში".

გარემოს დამცველი ამბობს, რომ 2 თვეში გაირკვევა, რამდენად რეალურია კომპანიის მტკიცება, რომ 36 პუნქტიდან ნაწილი შესრულებულია,თუმცა დოკუმენტში დიდი მასშტაბის გამო არ არის ასახული.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების გეგმა მეორედ დაახარვეზა.

"ამბასადორი ბათუმი აილენდსს“ სააგენტომ დამაზუსტებელი ინფორმაციის წარდგენისთვის ორთვიანი ვადა მისცა, მანამდე კი სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესი შეჩერებულია. პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ამბასადორი ბათუმი აილენდის" იურისტი აცხადებს, რომ კომპანია შესაბამის დოკუმენტაციას 1 თვეში წარადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები