მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოკუმენტაცია, რომლის გამოც ბათუმის კუნძულის გზშ დახარვეზდა, 1 თვეში სრულად იქნება წარდგენილი - კომპანია

სს

დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, რის გამოც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გარემოზე ზემოქმედების გეგმა დაახარვეზა კომპანიას მზად აქვს, მაგრამ დოკუმენტში დიდი მასშტაბის გამო ასახული არ იყო - ამის შესახებ კომპანიის იურისტი, გოჩა კამკია bm.ge-სთან აცხადებს.

მისი თქმით, კვლევების და გაანგარიშებების შეუსრულებელი ნაწილი, „ამბასადორი ბათუმი აილენდს" მზად დაახლოებით 1 თვის ვადაში ექნება.

"მსგავსი მასშტაბის პროექტზე ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა და კითხვებით მიმართვა ინვესტორი კომპანიისთვის არის ლოგიკური და ბუნებრივი პროცესი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკითხები, რომლებიც დაისვა კომპანიის წინაშე მათი აბსოლუტური უმრავლესობა მომზადებული და დაზუსტებულია სამუშაო პროცესში და წარდგენილი იქნება მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში. დამატებით აღვნიშნავთ, რომ კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობის წინაშე შესრულებული იქნა 2021 წლის 30 სექტემბერს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ს შორის გაფორმებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც აღნაგობის უფლების მქონე პირი არაუგვიანეს 2024 წლის 1 აპრილისა, უზრუნველყოს საქართველოს მთავრობისათვის პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების წარდგენა.

პროექტის ეკონომიკური ანგარიში მომზადებული იქნა "კოლიერსის" ლონდონის და თბილისის ოფისების მიერ. ხოლო, ტექნიკური განხორციელებადობის დადასტურება საერთაშორისო კომპანიის YUKSEL PROJE-ს მიერ, რომელსაც შავ ზღვაში განხორციელებული აქვს ორდუს და გირესუნის საერთაშორისო აეროპორტები, თურქეთის რესპუბლიკაში.

რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების ანგარიშთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, როგორც მოგახსენეთ, კითხვების გაცნობის შემდგომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია მოკლე დროში შექმნის ამ პროცესის წარმატებით დასრულების სრულფასოვან წინაპირობებს.

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" ერთგულად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს და უკვე განაშენიანებულია 5 ჰექტრამდე მიწის ფართობი, სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში", - განაცხადა კამკიამ bm.ge-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები