„ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტი საერთაშორისო ბიზნეს-ჰაბად იქცევა.
პროექტის სულისჩამდგმელი ბუბა ქებურია თავიდანვე ერთ მიზანს ისახავდა: კუნძულზე პირველ რიგში ქართული კომპანიები ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. გოჩა კამკიას თქმით, ეს მისია შესრულებულია, ოთხზე მეტი მსხვილი პროექტი, ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება.
შემდეგი ნაბიჯი საერთაშორისო ინვესტორებია. კომპანია ორი მსხვილი უცხოური გარიგების დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც უცხოელი ინვესტორები კუნძულზე ოპერირებას ოფიციალურად დაიწყებენ.
„ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს, რომ კუნძული დასვენებასა და ცხოვრებასთან ერთად ბიზნეს-აქტივობების ცენტრიც იყოს," განმარტავს გოჩა კამკია.
ამ მიზნით, პოლონური მხარის ჩართულობით, კუნძულზე გლობალური ბიზნეს-გაერთიანება შემოდის, შეიქმნება პლატფორმა, სადაც ქართველ მეწარმეებს ყოველკვირეულად 20-მდე ბიზნესპარტნიორთან შეხვედრის საშუალება ექნებათ. ბიზნეს-ცენტრის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, ამ ორგანიზაციის მსხვილი წარმომადგენლობა კუნძულზე გაიხსნება. კამკიას თქმით, ეს უზრუნველყოფს, რომ უცხოური ინვესტიციები კუნძულზე ინსტიტუციურად იყოს დაცული, არა მხოლოდ ხელშეკრულებებით, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივი მხარდაჭერით.
კამკიას თქმით, „ამბასადორ აილენდ ბათუმი" საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან სიგნალს აგზავნის - საქართველო მზადაა მასშტაბური პროექტების მასპინძლობისთვის.
„როდესაც ინვესტორები შავ ზღვაში ხედავენ ფუნქციურად მრავალფეროვან და გლობალურად გამართულ სისტემას, ეს მომენტალურად ცვლის მათ დამოკიდებულებას," აღნიშნავს გოჩა კამკია.




























