ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გონიო-კვარიათის სანაპიროზე მდებარე უნებართვო ობიექტების დემონტაჟსაც ახორციელებს. ინსპექციის ინფორმაციით, მათ ჯამში 35 ობიექტის მფლობელი გააფრთხილეს, მათმა ნაწილმა გაიტანა კონსტრუქციები, ნაწილი კი დარჩენილია, ამიტომ მათი დემონტაჟი თავად ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო.
"გონიო-კვარიათის სანაპიროზე, უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები - ჯამში 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა.
ინსპექტირების შემდეგ, მეპატრონეების მიერ უკვე დაშლილია 12 კაფე-ბარი და გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტების მფლობელები თავად არ უზრუნველყოფენ დემონტაჟს, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სანაპირო ზოლი სრულად მოწესრიგდება და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება", - იტყობინება ინსპექცია.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის ბულვარსა და მთელ ქალაქში სხვადასხვა კომერციული ობიექტების დემონტაჟი. შემდეგი ობიექტების დემონტაჟი უკვე დასრულებულია:
- 80-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი;
- 25-მდე კვების ობიექტი (კაფე-ბარი, კლუბი);
- 4 სანაპიროზე განთავსებული ე.წ. „ბრენდირებული პლაჟი“;
- 10-მდე კაფე-ბარებზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქცია;
- ბულვარის შესასვლელში მდებარე ქორწინების სახლი.




























