80-მდე მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი, 25-მდე კვების ობიექტი, 4 ე.წ. „ბრენდირებული პლაჟი“, 10-მდე უნებართვო მიშენება და ბულვარის შესასვლელში მდებარე ქორწინების სახლი. ბათუმში ბოლო პერიოდში შენობების სწორედ ამ მასშტაბის დემონტაჟი განხორციელდა - რა გახდა ამ პროცესების გააქტიურების მიზეზი და რას აჩვენებს ამ ეტაპზე არსებული სტატისტიკური მონაცემები.
საკითხის გასარკვევად BM.GE აჭარის მთავრობას დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ უნებართვო ობიექტების დემონტაჟი ერთი მხრივ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს აღნიშნულ საკითხს, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას.
„ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ბათუმში უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟი აქტიურ რეჟიმში გრძელდება. აღნიშნული პროცესი კანონის სრული დაცვით, გენერალური გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და კომერციული ობიექტების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას ისახავს მიზნად.
სადემონტაჟო სამუშაოები ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ შეასრულა“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

აღნიშნულის ფარგლებში უკვე განხორციელდა ობიექტების დემონტაჟი ძველ ბულვარსა და მთელი ქალაქის მასშტაბით:
- 80-მდე სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტი;
- 25-მდე კვების ობიექტი (კაფე-ბარი, კლუბი);
- 4 სანაპიროზე განთავსებული ე.წ. „ბრენდირებული პლაჟი“;
- 10-მდე კაფე-ბარებზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქცია;
- ბულვარის შესასვლელში მდებარე ქორწინების სახლი.
უწყების შეფასებით, აღნიშნულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საზოგადოებრივი სივრცის განტვირთვასა და რეკრეაციული გარემოს გაუმჯობესებას.





























