ბათუმის ნავთობტერმინალში ტვირთები გაიზარდა. იანვარ – ოქტომბერში „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გავლით გადატვირთული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოცულობამ 1 572 000 ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია
„ყაზტრანსოილის“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალის საწარმოო მაჩვენებლების დადებითი დინამიკა ნედლი ნავთობისა და საავიაციო ნავთის გადატვირთვის განახლებამ, ასევე ბენზინის გადატვირთვის მოცულობების ზრდამ განაპირობა.
კერძოდ, 2026 წლის 10 თვის განმავლობაში ტერმინალის გავლით 262,7 ათასი ტონა ყაზახური ნავთობი გადაიტვირთა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო.
ბენზინის გადატვირთვის მოცულობამ 316,5 ათას ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75,4 ათასი ტონით, ანუ 31,3%-ით მეტია.
დადებითი დინამიკა დაფიქსირდა საავიაციო ნავთის სეგმენტშიც. საანგარიშო პერიოდში მისმა გადატვირთვამ 53,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის 10 თვის მაჩვენებელს 50,7 ათასი ტონით, ანუ 19-ჯერზე მეტად აღემატება.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 10 თვის შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბათუმის ტერმინალის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთაშორისო ტვირთნაკადების გამტარუნარიანობისა და საქართველო-ყაზახეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების გაძლიერების კუთხით.
























