ბათუმის პორტის მფლობელმა კორპორაცია "ბათუმის ნავთობტერმინალმა" 2023 წლის ფინანსური ანგარიში საჯაროდ გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად გასული წლის განმავლობაში პორტის და პორტთან არსებული ნავთობტერმინალის მთლიანი შემოსავალი 11%-ით, 116.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
პორტის ანგარიშის თანახმად გასულ წელს შემოსავლის მთავარი კომპონენტი კვლავ ნავთობპროდუქტების მომსახურებას უკავშირდებოდა, მეორე ადგილზე კი სანავსადგურო შემოსავალი იყო.
2023 წელს ბათუმის პორტის და ნავთობტერმინალის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
- ამონაგები ნავთობპროდუქტების გადატვირთვიდან - 55.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
- სანავსადგურო მოსაკრებელი და სერვისები - 29.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 7%;
- მშრალი ტვირთების ტერმინალი - 17.7 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 11%;
- ამონაგები სასაწყობე მომსახურებიდან - 9.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 35%;
- საიჯარო შემოსავალი - 3.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5%.
"ნავსადგურს გააჩნია 3 ნავმისადგომი, 11 პორტალური ამწე და სხვა გადამტვირთავი მექანიზმები, დამხმარე გემები, და საზღვაო სამგზავრო სადგური, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემულ საბორნე ხიდს, 2 საკონტეინერო, 3 ნავთობჩამოსასხმელ და 1 უმისადგომო ნავთობჩამოსასხმელ ნავმისადგომებსა და მომდებარე 13,6 ჰა ტერიტორიაზე 2 ოპერირებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ და შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“
ტერმინალი აწარმოებს ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის (აირის), ასევე მათი გადამუშავების პროდუქტების გადატვირთვის, ტრანსპორტირების, ექსპედირების, შეძენისა და რეალიზაციის მომსახურებას. ტერმინალის სიმძლავრეები იძლევა საშუალებას გადაიტვირთოს 22 სახეობამდე ნავთობი და ნავთობპროდუქტები 132 რეზერვუარის მეშვეობით, რომელთა საერთო სასარგებლო ტონაჟობა შეადგენს 400 ათას ტონაზე მეტს. წლიური გამტარუნარიანობა შეადგენს 12 მლნ ტონაზე მეტს.
ტერმინალში მუშაობს 6 ჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ ერთდროულად 180-მდე ან დღე-ღამეში 700-ზე მეტი ვაგონ-ცისტერნის ჩასხმა. ყველა ესტაკადა დაკავშირებულია მილსადენების სისტემებით სხვადასხვა სარეზერვუარო პარკთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ტერმინალის საექსპლუატაციო მოქნილობას. ერთ-ერთ ესტაკადაზე დანერგილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მძიმე და ბლანტი სახეობისთვის მრავალდონიანი გათბობის სისტემა. ტერმინალის ყველა სარკინიგზო ესტაკადა აღჭურვილია ჩამოსხმის მონაცემთა ელექტრონული აღრიცხვის საშუალებით,"- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ბათუმის პორტის მართვის 49-წლიანი ლიცენზია 2006 წელს ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია "ყაზტრანსოილმა" მიიღო, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ყაზახეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი "სამრუკ კაზინაა".
პორტის და ნავთობტერმინალის აქტივები 113 მილიონ დოლარს, ხოლო ვალდებულებები კი 85 მილიონ დოლარს შეადგენს.