მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი შექმნილ შეფერხებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

6392e338d543e
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.22 11:34
1101
თითქმის ერთი თვეა ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში ტვირთების გახსნა შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც ავტოიმპორტიორებს, ვადაზე მეტხანს კონტეინერების დაყოვნების გამო, ჯარიმების გადახდა უწევთ. ფინანსური ზარალის გარდა, კომპანიების წარმომადგენლები იმ რეპუტაციულ ზარალზე საუბრობენ, რომელიც მათ ავტომობილების მფლობელებისთვის დაგვიანებით მიწოდებით ექმნებათ. ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია COSCO Shipping-ის კომერციული დირექტორის განცხადებით, პრობლემა მეორეული ავტომობილების გაზრდილი ტვირთვრუნვის გამო გაჩნდა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბათუმის ტერიტორიას ტვირთების მომსახურებისთვის საჭირო ფართობიც არ აქვს, რადგან ტერიტორისს ნაწილი მეორეული, დაზიანებული ავტომობილების პარკინგად არის ქცეული.

პრობლემის მიზეზებზე ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი პირველ კომენტარს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დატვირთული ბათუმის პორტი სიმძლავრეებს ზრდის. BICT-ი მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი კი პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ „მოულოდნელი და არასტანდარტული სიტუაცია“ ყველას სასარგებლოდ მოგვარდება.

BM.GE-ი ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის (BICT) პრეს-რელიზს უცვლელად გთავაზობთ:

„გაზრდილი დატვირთულობის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT) ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს მომსახურების ჩვეული მაღალი ხარისხის მიწოდება.

პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში და მას შემდეგაც, მიუხედავად რთული საბაზრო პირობებისა, BICT-მ შეინარჩუნა მაღალი სტანდარტი, მაშინ როდესაც მრავალი სხვა ტერმინალი რეგიონში იყო გადატვირთული.

ტვირთბრუნვის უეცარი ზრდა დაემთხვა ტერმინალზე მიმდინარე სიმძლავრეების გაზრდის ახალ პროგრამას, რომელიც გულისხმობს დამატებითი სასაწყობე ტერიტორიის მოწყობას, დამატებითი ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის შეძენასა და მოწყობას. ბსსტ-ს განცხადებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება სატერმინალო პროცედურების გამარტივებას, დაჩქარებასა და მომსახურების მაღალეფექტიანი დონის შენარჩუნებას ემსახურება", - წერია პრესრელიზში.

„ვაფასებთ კლიენტების გვერდით დგომას, რომლებიც მხარს გვიჭერენ უეცრად გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში. გამტარუნარიანობის გაზრდის ახალი პროგრამა, გადადგმული ნაბიჯები და ავტოიმპორტიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კოორდინირებულად მომსახურების საუკეთესო შესაძლო შედეგის მისაღწევად, დარწმუნებული ვართ, პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და ეს მოულოდნელი და არასტანდარტული სიტუაცია ყველა მხარის სასარგებლოდ მოგვარდება“,- ამბობს ბსსტ-ს მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები