ბათუმის საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქის მერს ევროკავშირის პროგრამის [Interreg NEXT Black Sea Basin] ფარგლებში გამარჯვებული პროექტისთვის - „თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში ლურჯი და მწვანე მდგრადობა“ - შესაბამის საგრანტო/საპარტნიორო შეთანხმებების ხელმოწერაზე, 218.839,32 ევროს გრანტის მიღებასა და 24,315.5 ევროს ოდენობის თანხის თანამონაწილეობაზე.
შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ გუშინ მიიღო.
რას ეხება პროექტი?
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა, თურქეთის ლულებურგასის მუნიციპალიტეტთან, ბულგარეთის ვარნას ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ანენის ნოის რაიონულ საბჭოსთან და სხვა თანააპლიკანტებთან ერთად, 2024 წლის ივნისში ევროკავშირის Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარადგინა განაცხადი დაფინანსების მოსაპოვებლად, პროექტზე "თანამშრომლობა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და წყლისადმი მდგრადი ქალაქებისთვის BSB-ში ლურჯი და მწვანე მდგრადობა“. აღნიშნული პროექტი გამარჯვებულად გამოვლინდა მიმდინარე წლის ივნისში.
მითითებული პროექტით გათვალისწინებულია აქტივობები Interreg NEXT BSB პროგრამის სპეციფიკური მიზნის - RSO2.4 ფარგლებში, რაც ეხება კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის პრევენციის ხელშეწყობას და მდგრადობას ეკოსისტემაზე დაფუძნებული მიდგომების გათვალისწინებით. კერძოდ, წყლის დაზოგვის უზრუნველსაყოფად და კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტში ჩატარდება წყლის ეფექტიანობის ტექნიკური მიზანშეწონილობის ყოვლისმომცველი კვლევები შერჩეულ ტერიტორიაზე და მომზადდება ტექნიკური მოდერნიზაციის გეგმები, კერძოდ, ბათუმის მუნიციპალიტეტი მოამზადებს ტექნიკურეკონომიკურ (მიზანშეწონილობის) კვლევას ბათუმის ბულვარისა და ცენტრალური პარკის სადრენაჟე სისტემის მოწყობისა და დაგროვილი წყლის ბათუმის მწვანე ზონებში მეორადი გამოყენების მიზნით. ბათუმის კომპონენტზე სულ გათვალისწინებულია 243.154,80 ევრო, საიდანაც 90% (218.839,32 ევრო) უნდა დაფინანსდეს საგრანტო ფონდით, ხოლო - 10% (24,315.5 ევრო) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით.




























