მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბათუმის საკრებულომ ქალაქის განაშენიანების მართვის გეგმების კონცეფცია დაამტკიცა - რა არის შემდეგი ეტაპი?

Colliers Georgia

ბათუმის საკრებულომ ქალაქის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის გეგმების მონახაზების კონცეფცია დაამტკიცა. როგორც საკრებულო იტყობინება, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელთანაც ბათუმის მერიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სივრცითი განვითარების და განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით მიწოდებასთან დაკავშირებით, ვალდებულია განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის ეტაპზე გაითვალისწინოს დღეს დამტკიცებულ შესაბამის განკარგულებაში ასახული რეკომენდაციები.

რეკომენდაციებს შორისაა, ბათუმის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხების დოკუმენტში ასახვა, როგორც გრაფიკულ ასევე ტექსტურ ნაწილებში, ასევე, საპროექტო დოკუმენტაციაში ბათუმის საკრებულოს მიერ შეთანხმებული განაშენიანების დეტალური გეგმების ასახვა და სხვა.

როგორც "სითი ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რეკომენდაციები უფრო მეტად ტექნიკურია, ვიდრე შინაარსობრივი, ვინაიდან შინაარსობრივად კონცეფცია ამ დრომდე გამართულ შეხვედრებზე მოიწონეს.

მისივე თქმით, კონცეფციის დამტკიცების შემდგომი ეტაპი უკვე თავად გეგმებზე მუშაობაა, რომელიც "სითი ინსტიტუტმა" ორი თვის ვადაში უნდა ჩააბაროს.

"ახლა საჭიროა ზონირება. კონცეფცია უკვე არის, რომელიც იმისთვისაა, რომ ზონირება მასზე იყოს დამყარებული. პრაქტიკულად, ზონირება უკვე გაკეთებული გვაქვს. უბრალოდ, რაღაცები იქნება დასაზუსტებელი, შემდეგ საკრებულო დაამტკიცებს და კიდევ რჩება ერთი პატარა ეტაპი, რა დროსაც უნდა მოვამზადოთ ზონალური რუკის პლატფორმა, როგორც თბილისის შემთხვევაში tas.ge-ია", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 2021 წლის ივლისში გაიმარჯვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2 495 700 ლარს დღგ-ს ჩათვლით. პირველადი გეგმის მიხედვით, ქალაქს განაშენიანების გეგმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1,5 წელში უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს პროცესი ამ დრომდე გაიწელა, მიუხედავად იმისა, რომ კონცეფციის დოკუმენტი "სითი ინსტიტუტს" 2023 წლის ბოლოს უკვე მზად ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები