საკანონმდებლო მაცნეზე პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომელიც ბათუმის ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
განსაკუთრებული რეგულირების ქვეშ ექცევა ხმელეთთან ერთად საზღვაო ტერიტორიაც. როგორც დადგენილებაშია განმარტებული, აღნიშნულ ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი ტურისტულ-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ექნება.
აღნიშნულს საფუძვლად უდევს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი დასახლებას შეიძლება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით მიენიჭოს.
საკადასტრო რუკის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ქალაქ ბათუმში მდინარე ბარცხანაის და ყოროლისწყალს შორის მდებარეობს და ასევე განთავსებულია ოდისეა დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ.
აღნიშნული ცვლილება, ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელებისთვის გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, ხელოვნური კუნძული ზღვაში 50-60 ჰექტარზე განთავსდება და პროექტში „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ $100 მილიონს ჩადებს. კუნძულზე გაშენდება ფეშენებელური სასტუმროები, ვილები, აპარტამენტები და ბულვარი.