ბათუმმა ტურიზმის "ოსკარი", უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. World Travel Awards-ის ევროპის კონკურსის შემდეგ, ბათუმმა მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე ისეთი ქვეყნების ქალაქებს გაუწია კონკურენცია, როგორებიცაა: საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.
ბათუმისთვის ეს პირველი ჯილდოა, რომელიც ქალაქმა "ტურიზმის ოსკარის" მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.
World Travel Awards-ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდა. მასში ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებში იყო გადანაწილებული.
ბათუმი მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე წელს პირველად იყო ნომინირებული, World Travel Awards-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული კი ქალაქმა შემოდგომაზე მოიპოვა, სადაც ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი.