წელს ბათუმობა 27-28 აპრილს გაიმართება. ღონისძიებები ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
"ბათუმობა 2024"-ის ღონისძიებებთან დაკავშირებით ბათუმის კულტურის ცენტრმა აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 218 000 ლარია.
წინადადებების მიღება 7 აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დასრულდება.
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს: საგამოფენო სივრცის (დახლები) მოწყობა; ჯიხურები, შესასვლელი თაღი; ფოტოგამოფენა; ბრენდირებული მაისურების და დროშების დამზადება; ელექტრო ენერგიის წყაროსთან დაკავშირება; ქსელის მოწყობა და გამართული ფუნქციონირება; ქეითირინგით უზრუნველყოფა; ტრანსპორტით მომსახურება; პიროტექნიკური მომსახურება; კონფიტი; ლედ ეკრანი; სცენის ფარდით შეფუთვა; ბანერების და აფიშების ბეჭდვა; დიჯეი აპარატურით მომსახურება და სხვა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური კულტურული ღონისძიების ორგანიზების შესრულების გამოცდილება, ამასთან აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის სახელშეკრულებო თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 000 ლარს.