მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში 54 მილიონ ლარად ახალ აუზსა და ყინულის სასახლეს "ანაგი" ააშენებს

დარბაზი

ბათუმში 54 მილიონ ლარად ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი აშენდება - მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავაშენოთ, დავასრულოთ ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც უმასპინძლებს, უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, 2025 წელს გასამართ ზამთრის ოლიმპიადას. მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ყველა სამინისტროს, რომელიც ეხმარება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღნიშნული პროექტების განხორციელებაში” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მასშტაბური პროექტის განხორციელებით ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.

ყინულის არენის და ორი აუზის მოწყობა საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, შესაბამისი ტენდერი 14 მარტს გამოცხადდა და მასში კომპანია "ანაგი" გამარჯვებულად 19 აპრილს გამოვლინდა. კომპანია პროექტს 54 მილიონ ლარად ააშენებს.

ცნობილია, რომ ყინულის მოედანი 2025 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები