მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში 560 სტუდენტზე გათვლილი „ბლექსის“ ახალი კორპუსი აშენდება

63e75801c88d4
თელარა გელანტია
11.02.23 11:20
718
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა იწყება.

მშენებლობის ადგილზე - ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება 560 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა შეკიდული ვიტრაჟული სისტემით, სადაც განთავსდება თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ფაბლაბი, სტუდენტური სივრცე, შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, არქივი, ბუფეტი, სამედიცინო კაბინეტი და სპორტული დარბაზი.

ამასთან, პროექტი 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 17 179 515 ლარია, 2024 წელს დასრულდება.

კოლეჯ „ბლექსიში“ დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების 30 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. მათ შორის – სასტუმრო მომსახურება, სარესტორნო მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, სათავგადასავლო ტურიზმი, მშენებლობის წარმოება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი, ტელეკომუნიკაცია, სამკერვალო წარმოება და სხვა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის გაფართოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სფეროში დაფუძნდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯები, რომლებიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას შესთავაზებენ.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის გაფართოების მიმართულებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები