მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მიმართულებით განათლების სამინისტრო ახალი სქემის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ განათლების უწყება იტყობინება, რომ ახალი სქემა ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში მუშავდება.
როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, მუშაობენ მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნაზე, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება.
მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მიზნით, ამ დრომდე შესაბამისი გამოცდებიც ტარდებოდა, ხოლო შემდგომ სტატუსის ამაღლებისთვის მასწავლებელი თავის პორტფოლიოს წარადგენდა სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას მისი სტატუსის გაზრდის შესახებ. თუმცა აღნიშნული პროცესი უკვე მეორე წელია შეჩერებულია.
აღსანიშნავია, რომ სულ სამი სტატუსი არსებობს: უფროსი, წამყვანი და მენტორი. თითოეულის შემთხვევაში ხელფასებიც განსხვავებულია. თუმცა გასული წლის ზაფხულში, განათლების წინა მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით მასწავლებლების ხელფასების გაანგარიშების ახალი ფორმულა შემუშავდა, რომლის შედეგადაც წამყვანის ფუნქციური დანამატი - 150 ლარი, ხოლო მენტორის ფუნქციური დანამატი - 300 ლარი გახდა.
მასწავლებელთა ხელფასის ახალ ფორმულას მაშინვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასის მატება ყველაზე ნაკლებად მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხოთ. როგორც განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მასწავლებელთა ხელფასების მომატების სქემით სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ გათვლა გააკეთა უფრო მეტ მასწავლებელზე და მათი კმაყოფილების ხარისხზე.