მასწავლებელთა ხელფასების მომატების სქემით სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ გათვლა გააკეთა უფრო მეტ მასწავლებელზე და მათი კმაყოფილების ხარისხზე, - ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
მან გადაცემაში შეაფასა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ფორმულა, რომლის მიხედვითაც მასწავლებლების ხელფასები იზრდება. მენტორი მასწავლებლების ნაწილი განათლების სამინისტროს ახალი სქემით უკმაყოფილოა.
„[მთავრობის] დაპირება სიმართლე იყო იმ კონტექსტში, რომ სახელფასო ფონდის თანხა ერთიანობაში გაიზარდა, სიმართლე იყო იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულწილად ყველა მასწავლებელს მოემატა ხელფასი, თუმცა აქ პრობლემა და ხმაური არის იმაზე, რომ რეალურად, ეს ყველაფერი გათვლილი არ იყო საგანმანათლებლო მიზნისკენ, რომ გაზრდილიყო პროფესიონალიზმი. აქ საუბარია იმაზე, რომ სტაჟი, დამსახურება, კოეფიციენტები - აღარ არის მნიშვნელოვანი. მაგალითად ბაკალავრი თუა მასწავლებელი, 20 ლარი აქვს დანამატი, მაგისტრი თუ არის 40, დოქტორი კი მხოლოდ 100 ლარს იღებს. ფაქტობრივად განსხვავებები არ არის. დატვირთვა გახდა საათი. ანუ ერთი, დაფინანსება საათების მიხედვით იქნება განსხვავებული. მთელი ამ წლების განმავლობაში, 2015 წლიდან დღემდე, საბაზო ხელფასი იყო 405 ლარი, ხოლო სტატუსების მიხედვით ხელფასი იმატებდა. ანუ ის მასწავლებლები, რომლებმაც წლების განმავლობაში შეასრულა მოთხოვნები, რესურსი დახარჯეს, დრო დახარჯეს, პროფესიულად განვითარდნენ იმ მოთხოვნით, რაც სახელმწიფომ დაუყენა, წახალისდნენ ყველაზე ნაკლებად“, - განაცხადა ტაბატაძემ.
განათლების სპეციალისტი მთავრობის გადაწყვეტილებაში არჩევნების კვალს ხედავს.
„ჩვენ გვყავდა დაახლოებით 40 000 უფროსი მასწავლებელი, 8000-მდე წამყვანი მასწავლებელი და 374 მენტორი მასწავლებელი. ყველაზე ცოტა მატება შეეხო ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებს. ხოლო სხვა მასწავლებლებს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე,
სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ გათვლა გააკეთა უფრო მეტ მასწავლებელზე და მათი კმაყოფილების ხარისხზე. რაც შეეხება ხმაურს, ის მასწავლებლები არიან უკმაყოფილო, ვისაც მაღალი სტატუსი ჰქონდა. რეალუტრად, მოხდა იმ მასწავლებლების დემოტივაცია, ვინც ყველაზე მეტად იყო მოტივირებული განვითარებაზე. ესენი იყვნენ ინოვაციურები, ისინი დაზარალდნენ. სისტემამ თქვა, არ აქვს მნიშვნელობა, განვითარდები თუ არა, ახლა არის წინასაარჩევნო პერიოდი და ჩემთვის მნიშვნელოვანია მყავდეს მეტი კმაყოფილი ამომრჩეველი“, - თქვა ტაბატაძემ.