განათლების მინისტრი მომავალი წლისთვის პედაგოგთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდას აანონსებს. გიორგი ამილახვარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს. კერძოდ, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.
განათლების მინისტრი ამბობს, რომ ეს იქნება მასწავლებელთა ხელფასების ზრდის სრულიად ახალი კონცეფცია, რომელიც ახალ სახელფასო ფორმულას დაეფუძნება, თუმცა ამ ახალი ფორმულის შესახებ დღეს არაფერია ცნობილი. მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ ამაზე დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრებს.
განათლების სპეციალისტის, რევაზ აფხაზავას შეფასებით, მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს, თუმცა განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას მეტი დასაბუთება სჭირდება.
„ორი ძირითადი მიზანი გვაქვს ხელფასის გაზრდის დროს: ერთი, სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და მეორე, განათლების ხარისხი გავზარდოთ. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ უფრო კვალიფიციური ხალხი შემოვიყვანოთ ამ პროფესიაში, მაგრამ ბევრი კითხვა რჩება, ეს გადაწყვეტილება როგორ უწყობს ხელს ამას; საერთო რეფორმაში რა კონტექსტში ზის; ვის გაეზრდება ხელფასი; სრულ დატვირთვაზე აქცენტის გაკეთება რა ეფექტს მოახდენს მასწავლებლების კორპუსზე და ა.შ.
ცხადია, პერმანენტული პროცესი უნდა იყოს ხელფასების ზრდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოება იყოს ჩართული, რომ ეს თანხები მაქსიმალურად ეფექტიანად დაიხარჯოს და ორივე მიზანს უწყობდეს ხელს.
ეს კამფეტების ჩამორიგება კი არ არის წინასაარჩევნოდ, აქ საუბარია, რომ სისტემა უნდა შეიქმნას და მაგალითად საჯარო მოხელეების ხელფასზე იქნეს მიბმული - როგორც საჯარო მოხელეების ხელფასი გაიზრდება, ასე უნდა იზრდებოდეს, რომ ეს არ გახდეს წინასაარჩევნო მანიპულაციის საგანი და რეალურად ემსახურებოდეს სისტემის განვითარებას.
განათლებაში სამწუხაროდ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ მექანიკურად მოვიქცეთ. უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, რომ უფრო მეტად მივაღწიოთ იმ შედეგს, რა შედეგზეც უნდა გავიდეთ, რომ ერთი მხრივ სოციალური მდგომარეობა გავზარდოთ მასწავლებლების და მიმზიდველი გავხადოთ პროფესია და მეორე მხრივ განათლების ხარისხსაც შევუწყოთ ხელი“,- აცხადებს რევაზ აფხაზავა.
განათლების მინისტრის განცხადებით, ახალი სახელფასო კონცეფციის ფარგლებში, მომავალი წლიდან ხელფასები არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებსაც გაეზრდებათ, თუმცა არა დასახელებული რაოდენობით. როგორც გიორგი ამილახვარი ამბობს, ჯამში, ბიუჯეტიდან მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაიხარჯება.