მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მხოლოდ ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის, ბევრს არაფერს ცვლის“ - განათლების მკვლევარი

შალვა ტაბატაძე

განათლების სამინისტრო მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

განათლების მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება, რაც გიორგი ამილახვარის თქმით, ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატებაა.

განათლების მკვლევრის, შალვა ტაბატაძის შეფასებით, სამინისტროს ინიციატივა პრეცედენტული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგთა ანაზღაურება, არ იქნება მიბმული ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობაზე.

„მასწავლებლების 52% არასრულ განაკვეთზე, არასრულ დატვირთვაზეა. ამავე დროს, გვაქვს სისტემა, როდესაც როგორც თავისი კომპეტენციის თვალსაზრისით, აგრეთვე ფუნქციური თვალსაზრისითაც უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებელს გააჩნია სხვადასხვა ფუნქცია, ხოლო ხელფასი გვაქვს მხოლოდ ჩატარებულ გაკვეთილებზე მიბმული.

შესაბამისად, ცვლილება რევოლუციური და სიახლე იქნება იმ თვალსაზრისით, თუ ხელფასი გამოითვლება არა საათობრივი დატვირთვის ანუ უშუალოდ ჩატარებული გაკვეთილების მიხედვით, არამედ მთლიანად კვირეული დატვირთვის მიხედვით, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მასწავლებელს და რომელიც შეიძლება განისაზღვროს მაგალითად 40 საათი კვირაში, ოღონდ თანამდებობიდან გამომდინარე. რა ფუნქციებსაც ასრულებს, იმ ფუნქციებში გადაუხადოს ხელფასი“,- აცხადებს ტაბატაძე.

მასწავლებელთა ხელფასების ზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა განათლების სპეციალისტი თვლის, რომ მხოლოდ ხელფასების ზრდა არ ნიშნავს, რომ ამით განათლების ხარისხი გაუმჯობესდება.

„მხოლოდ ხელფასების ზრდა ბევრს არაფერს ცვლის. მთლიანობაში, რომ ავიღოთ, ხელფასების ზრდა 2015 წლიდან დინამიური იყო [არა საბაზისო, არამედ დანამატების, როცა სტატუსის მიხედვით მასწავლებლები იღებდნენ დანამატს]. 2015 წლიდან დღემდე გახუთმაგდა დანამატები, მაგალითად თუ უფროსი მასწავლებლის იყო 160, გახდა 795 ლარი ანუ 5-ჯერ მეტი, ანალოგიურად სხვა კატეგორიებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განათლების ხარისხი გაუმჯობესდა.

ამას უნდა მიჰყვეს მთელი სისტემა, რომელიც ფორმალურად ახლაც ფუნქციონირებს, მაგრამ რეალური შედეგი არ აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ მასწავლებლებმა უნდა დაადასტურონ კომპეტენცია, შემდეგ მუდმივად უნდა ხდებოდეს ცოდნის განვითარება როგორც სასკოლო დონეზე, ისე სკოლის გარეთ.

მუდმივად უნდა ხდებოდეს შემოწმება ეს ცოდნა და უნარები გადაითარგმნა თუ არა გაუმჯობესებულ პრაქტიკაში, რომელიც სასკოლო დონეზე უნდა მოწმდებოდეს და რაც მთავარია, ეს უნდა გადაითარგმნოს საბოლოო ჯამში ამ გაუმჯობესებულმა პრაქტიკამ გააუმჯობესა თუ არა მოსწავლეების აკადემიური მიღწევები“,- აცხადებს შალვა ტაბატაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები