მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლების დაახლოებით 60% რემონტს, რეაბილიტაციას ან ხელახლა მშენებლობას საჭიროებს - შალვა ტაბატაძე

შალვა ტაბატაძე

განათლების ექსპერტი, შალვა ტაბატაძე BM.GE-სთან გაჭიანურებული სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სკოლების დაახლოებით 60% რემონტს, რეაბილიტაციას ან ხელახლა მშენებლობას საჭიროებს.

მისი თქმით, პრობლემა დაახლოებით 1250 სკოლაშია მოსაგვარებელი, შესაბამისად დაპირება, რომ 2026 წლისთვის ინფრასტრუქტურული ტიპის პრობლემები მოგვარდება, არარეალისტურია.

„პრობლემა მრავალწახნაგოვანია. სკოლების საკმაოდ დიდი რაოდენობა საჭიროებს რემონტს, რეაბილიტაციას ან ხელახლა მშენებლობას. ასეთი სკოლების რაოდენობა ჯამში დაახლოებით 60%-ს უდრის. დაახლოებით 1250 სკოლა არის ამ თვალსაზრისით მოსაგვარებელი პრობლემა. შესაბამისად ის დაპირება, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ინფრასტრუქტურული ტიპის პრობლემები დასრულდება, არარეალისტურია. ისევე როგორც არარეალისტური იყო მაშინაც, როდესაც ვადა 2019 წლამდე იყო და 2023 წლისთვისაც.

მეორე ტიპის პრობლემა, თავად მიმდინარე სამუშაოებია. ნაცვლად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები მოკლე პერიოდში გადაიჭრას და მოგვარდეს, რომ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები წამოიჭრას, პროცესები 3-4 წელზე ჭიანურდება. ამას კი მოსწავლეთა განათლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრობლემები ახლავს თან.

მოსწავლეები ინფრასტრუქტურული სამუშაოების ან სამშენებლო სამუშაოების პერიოდში გადანაწილებული არიან სხვადასხვა მეზობელ სკოლებში. მათი სასწავლო პროცესი როგორც დროის, ისე შესაძლებლობების თვალსაზრისით არის შეფერხებული. ფაქტობრივად, მათი ბოლომდე საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ვერ ხდება, ვინაიდან ინფრასტრუქტურის გარეშე არსებული სკოლა არის პრობლემატური.

მესამე ტიპის პრობლემა თავად საგანმანათლებლო პოლიტიკას უკავშირდება. არ არსებობს ურთიერთკავშირი საგანმანათლებლო რეფორმასა და ინფრასტრუქტურას შორის. სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარება იგეგმება ისე, რომ რეალურად ის არ არის იმ საგანმანათლებლო რეფორმასთან დაკავშირებული, რომელიც უნდა განხორციელდეს. თუნდაც თუ სტრუქტურული გადააზრება მოხდება, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა სხვა სტრუქტურულ სახეს მიიღებს. მართვის მოდელის თვალსაზრისით, რომელიც განათლების სამინისტროს სტრატეგიაში აქვს და სასკოლო ოლქებსა და სასკოლო ოლქებზე დაფუძნებულ მმართველობას მოიცავს, ის სხვა ტიპის მმართველობის სტრუქტურას და ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ისევე როგორც, კონცეპტუალურად არ არის გააზრებული სკოლის ფუნქცია სხვადასხვა მიმართულებით. ზოგიერთ შემთხვევაში სკოლა შეიძლება იყოს თემის ცენტრი, სადაც იქნება სკოლამდელი დაწესებულებაც, ზრდასრულთა განათლებისთვის ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა. ამ შემთხვევაში სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს“,-აცხადებს ტაბატაძე.

ტაბატაძის განმარტებით, საგანმანათლებლო და კონცეპტუალურმა ხედვამ ინფრასტრუქტურული განვითარება უნდა განაპირობოს. ამასთან რეფორმა უნდა განვითარდეს ისე, რომ საგანმანათლებლო სწავლება საფეხურებად დაიყოს. კერძოდ, დაწყებით, სკოლამდელ და დაწყებით ინტეგრირებულ, საბაზისო და საშუალო საფეხურებად, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება.

„ინფრასტრუქტურას ვაკეთებთ იქ, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს ან რემონტი, ისე რომ საგანმანათლებლო რეფორმა არ გვაქვს. ცალკეა ინფრასტრუქტურა და ცალკეა განათლების რეფორმა, რაც აგრეთვე პრობლემატურია საბოლოო ჯამში. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძალიან პრობლემატურია და 1-2 წელიწადში მისი მოგვარება ვერ მოხერხდება, როგორც ეს განათლების სამინისტროს აქვს დაგეგმილი“,-ამბობს განათლების ექსპერტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები