რაციონალური ხელფასი დააზღვევს კორუფციის რისკს - ასე შეაფასა პრემიერმა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურებები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
"საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები უკვე დარეგისტრირებულია, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი თანამდებობის პირების ხელფასები გამრავლდება საჯარო სამსახურში საბაზო თანამდებობრივ სარგოზე იმ კოეფიციენტის შესაბამისად, რა კოეფიციენტიც ამ თანამდებობის პირისთვის არის განსაზღვრული. მაგალითად პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტისთვის ეს კოეფიციენტი არის 10, მინისტრისთვის - 8.5, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილისთვის - 7.5, სხვა მოადგილეებისთვის კი 7.25. ანაზღაურების დათვლის ახალი წესი 2025 წელს უნდა ამოქმედდეს.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკითხს სპეკულაციები მოჰყვება, მაგრამ ეს ერთგვარად ანტიკორუფციული ნორმაა.
"ამ საკითხზე, რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო სპეკულაციები. მთავარია, რომ რაციონალური ხელფასები უნდა არსებობდეს საჯარო სამსახურში. მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია. იმისათვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყო ცდუნება. ადამიანი მიდრეკილია ცდუნებისკენ. კორუფციის რისკის შესამცირებლად აუცილებელია რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. სპეკულაციები ყოველთვის არის ამ თემებზე, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც ყველაზე სწორია, პირველ რიგში კორუფციის პრევენციისთვის" - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 2004 წლიდან ბიძინა ივანიშვილი საკუთარ რესურსს დებდა მაღალი თანამდებობის პირების ხელფასში და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა.