მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა პენსია 35 ლარით იზრდება და დეპუტატების ხელფასი ათასეულობით ლარით, ეს ხელისუფლების დამოკიდებულებას აჩვენებს - თუშურაშვილი

აიდიეფაი

"ქართული ოცნების" ინიცირებული და მიღებული კანონის მიხედვით, უმაღლესი თანამდებობის პირებსა და დეპუტატებს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ხელფასები გაეზარდათ.

პრემიერის და პრეზიდენტის ხელფასი 14 600 ლარი გახდა, ხოლო პარლამენტის დეპუტატების ანაზღაურება 2.5-ჯერ გაიზარდა.

IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატება კორუფციისგან დაზღვევის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად მიიჩნევა, თუმცა მოცემული შემთხვევა ასეთი არაა.

გოგა თუშურაშვილის შეფასებით, ის გარემოება, რომ მიმდინარე წელს მაგალითად, პენსია მხოლოდ 35 ლარით იზრდება, ხოლო დეპუტატების ხელფასი 2.5-ჯერ, ხელისუფლების პრიორიტეტებზე მიუთითებს.

„როდესაც კონკრეტული თანამდებობა მაღალი კორუფციული რისკის ქვეშაა, შეიძლება სოლიდური ანაზღაურება განხილული იყოს როგორც კორუფციის დაზღვევის ერთ-ერთი მექანიზმი. თუმცა ვხედავთ, რომ ნულოვანია ისეთი კორუფციული საქმეების გამოძიების მაჩვენებელი, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. ამიტომ ნაკლად გვაქვს მოლოდინი, რომ ხელფასების მატება ამ კუთხით რაიმეს დააზღვევს.

როდესაც პენსიონერებს 35 ლარით ეზრდებათ პენსია, ხოლო პარლამენტარებს ხელფასი ათასეულობით ლარით, ეს გარკვეულ დამოკიდებულებას აჩვენებს, რომ მათთვის პრიორიტეტი არაა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და პირიქით, მიზანია, რომ ყველაფერი მოირგონ თავიანთ თავზე. პარალელურად ვუყურებთ პროცესს, როდესაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების სამსახურიდან გაშვებით. თუმცა ამ პროცესმა შეიძლება საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანოს, რომ საჯარო სამსახურში პროფესიული კადრები მნიშვნელოვნად შემცირდეს და მივიღოთ ბიუროკრატია, რომელიც მაქსიმალურად პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იქნება მოქცეული“, - განაცხადა გოგა თუშურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები