სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში მდებარე შპს „ზეტას“ საქმიანობა შეუჩერეს. გადაწყვეტილება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებს უკავშირდება.
სააგენტოს ინფორმაციით, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტი ფუნქციონირებდა სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. გარდა ამისა, რეალიზაცია მიმდინარეობდა მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით, მათ შორის, პროდუქციის შეფუთვის მთლიანობის დაუცველად.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შესაბამისი ნებართვებისა და პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მსგავსი ტიპის ობიექტების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარება, რაც ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების სრულ შესაბამისობას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, 2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას




























