მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი ახალ ბულვარში აშენდება|როგორი იქნება?

ბათუმის იუსტიციის სახლი

ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა.

"ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა თანამედროვე საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ქორწინების სახლის პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი. შენობის არქიტექტურული კონცეფცია სრულად შეესაბამება ბათუმის თანამედროვე ურბანულ გარემოს, ქალაქის არქიტექტურულ იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს.

ახალი ქორწინების სახლის მშენებლობა იუსტიციის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თანამედროვე, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფუნქციურ სივრცესა და მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტებს.

პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმს კიდევ ერთი თანამედროვე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი შეემატება, რომელიც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქალაქის ურბანულ გარემოს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად ჩამოყალიბდება", - წერია იუსტიციის სამინისტროს პრეს-რელიზში.

ბათუმის ახალი ქორწინების სახლის რენდერებს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, ბათუმის ბულვარში ძველი ქორწინების სახლის დემონტაჟი მიმდინარე წლის დასაწყისში განხორციელდა. მაშინ ბულვარის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ „შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად და მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც წლების განმავლობაში ბათუმელების მხრიდან აქტიურად გამოიხატებოდა. ქორწინების სახლი თავისი მოცულობითა და განლაგებით ზღუდავდა ბულვარის მთავარი შესასვლელის სივრცით აღქმას, ასევე, ამორტიზებული შენობა-ნაგებობა არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს, რის საფუძველზეც იგი შეტანილ იქნა განაშენიანების გეგმით განსაზღვრულ სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაში".

მაშინ ითქვა, რომ იუსტიციის სახლი შეიმუშავებს ახალ კონცეფციას და ქორწინების სახლი ახალ ბულვარში ალტერნატიულ ლოკაციაზე აშენდებოდა. კონკრეტულად სად აშენდება ქორწინების სახლი და რა დაჯდება პროექტი, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას bm.ge იუსტიციის სახლისგან შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები