ბათუმში პოლიციამ პროევროპული საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
როგორც "ბათუმელები" წერს, დაახლოებით 10 აქტივისტია დაკავებული.
დაკავებები საპროტესტო მსვლელობისას დაიწყო, სადაც დააკავეს თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.
ამის შემდეგ, აქციის მონაწილეები პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართნენ, სადაც ასევე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ამ დროისთვის, დემონსტრანტები ბათუმის მთავარი სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან და საპროტესტო აქცია გრძელდება.
დღეს, 11 იანვარს, პროევროპული პროტესტის 45-ე დღეა, რომლის მთავარ მოთხოვნებად ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება რჩება.




























