ბათუმში M3 კატეგორიის მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის ტარიფი გაიზრდება და ამჟამად მოქმედი 30 თეთრის ნაცვლად 70 თეთრი იქნება. შესაბამისი ინიციატივა ბათუმის მერიამ მოამზადა და ბათუმის საკრებულო 28 იანვრის სხდომაზე განიხილავს.
მათთვის, ვინც უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, მგზავრობა ისევ უფასო იქნება.
მერიის მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მგზავრობის ტარიფის ცვლილება გამოწვეულია M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის განახლებით, მარშრუტებს შორის მანძილის გაზრდით და საწვავზე ფასების მატებით.
"აღნიშნული გარემოებების გამო გაზრდილი ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მიზანშეწონილია დადგინდეს ახალი ტარიფი, რაც უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით",- წერია დოკუმენტში.



























