მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმში ბევრი რუსი ტურისტია იმ ფონზე, როცა სხვა ქვეყნებიდან შემცირებულია" - თემურ დიასამიძე

ბათუმი

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ დიასამიძის შეფასებით, „ბათუმში ბევრი რუსი ტურისტია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების რიცხვი შემცირებულია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„ბათუმი სავსეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებით, განსაკუთრებით რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან. გააქტიურდა ყირგიზეთის მიმართულებაც“, - აღნიშნა თემურ დიასამიძემ.

მისივე დაკვირვებით, ტურისტების ნაკადი მზარდია ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან შემცირებულია.

საქართველოს ტურიზმის სტატისტიკაში ევროკავშირის ქვეყნები TOP 10-ს მიღმაა - 2024 წლის ტურიზმის 6 თვე

თემურ დიასამიძის შეფასებითვე, 6 თვეში, გერმანიიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა, სავარაუდოდ, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოზე მოდის.

„ბათუმში ბევრი რუსი ტურისტია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნებიდან შემცირებულია. მაგალითად, ადრე უფრო მეტი ტურისტული ჯგუფები გვყავდა პოლონეთიდან, ისრაელიდან, ახლა ეს ნაკლებადაა. რუსი ტურისტები კი, უფრო ჭარბობს. რუსი ვიზიტორების დიდი ნაწილი საკუთარ ბინაში რჩება და რუსების გახსნილ კვების ობიექტებში სადილობს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს არის ჩვენი ტურიზმის ყველაზე დიდი პრობლემა. სხვაგვარი პოლიტიკური ვითარება რომ იყოს ქვეყანაში და უფრო მეტი ტურისტები გვყავდეს ევროპის და სხვა ქვეყნებიდან, რუსი ტურისტი დიდი პრობლემა არ იქნებოდა“, - თქვა თემურ დიასამიძემ.

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებით, „ივლის-აგვისტოში, ბათუმში ყველა კმაყოფილია“.

„ივლის-აგვისტოში, მით უმეტეს, როცა კარგი ამინდებია, ბათუმზე ბედნიერი ქალაქი არ არსებობს, მაგრამ წლის ბოლოს, როცა დავითვლით შემოსავლებს და მივხვდებით, რომ უნდა გვეშოვა 100 ლარი და ვიშოვეთ 50 ლარი, მოლოდინების ხშირად არგამართლება სექტორის განვითარებაზე, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება“, - თქვა თემურ დიასამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები