ტურიზმისა & უძრავის ქონების ექსპერტის თემურ დიასამიძის თქმით, წელს ბათუმში ტურისტების რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში მან აღნიშნა, ზრდა უმეტესად ყოფილი საბჭოთა კავშირის და გალფის ქვეყნებიდან იყო, სანაცვლოდ შემცირდა ევროპელი დამსვენებლების რიცხვი.
დიასამიძის თქმით, რაოდენობრივად გაზრდილი მაჩვენებლების მიუხედავად, ბიზნესი გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, დადებით მაჩვენებლებზე ვერ გადის.
„სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო, განსაკუთრებით ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო. ეპიკური საცობების სეზონი დასრულდა, თუმცა სეზონი გრძელდება. იყო წელს გამოწვევები, რომელიც ეხებოდა ინფრასტრუქტურას, ძველ ბათუმში შენობების რეაბილიტაციას და სხვა საკითხებს, თუმცა ვიზიტორებს რაოდენობის მხრივ რაოდენობა გაზრდილია. ვფიქრობ გაუტოლდა და გადაასწრო კიდეც 2019 წლის მაჩვენებლებს.
ინტერესი არსებობს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მიმართ, თუმცა, თუ გავზომავთ რამდენად ეწევა ეს ზრდა ზოგადად ამ სექტორის ზრდას, აქ შეიძლება უკვე მინუსებზე ვილაპარაკოთ. 2019-თან შედარებით წელს ბევრად მეტი, 15-20%-ით მეტი სასტუმრო და აპარტამენტია, უფრო მეტი რესტორანი და სხვა მომსახურების გამწევი ობიექტი, ამიტომ მთლიანდ გაზრდილ სექტორს რამდენად გაწვდა მატება, ეს მეორე მხარეა.
ფასები როგორც მინიმუმ 10%-ით იყო გაზრდილი როგორც სასტუმროებში, ისე აპარტამენტებში. საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო შიდა ტურისტების, ყოფილი საბჭოთა კავშირი იყო ყველაზე მეტი. ზრდა იყო გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან. კლება იყო ევროპული ქვეყნებიდან,“ - განაცხადა დიასამიძემ.