ბათუმში ივლისი და აგვისტო ტურისტულად დატვირთული იყო, თუმცა სეზონის სხვა პერიოდებში სასურველი აქტივობა არ დაფიქსირებულა. ტურიზმის ექსპერტის თემურ დიასამიძის განცხადებით, ვიზიტორების რაოდენობისა და ჯავშნების ზრდის მიუხედავად, ტურისტების ხარჯები დაახლოებით 9-10%-იან კლებას აჩვენებს. მისი შეფასებით, ბათუმის მთავარი გამოწვევები სეზონურობა, არასაკმარისი ინფრასტრუქტურა და ტურისტული შეთავაზებების სიმწირეა.
„მიუხედავად ძალიან ცუდი ამინდებისა, ივლისი და აგვისტო საკმაოდ დატვირთული იყო. ძირითად ტურისტულ ბაზრებად კვლავ რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი რჩება. ევროპიდან, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპიდან, მნიშვნელოვანი ზრდა კი წელს არ დაფიქსირებულა.
ისრაელი ძალიან საინტერესო მიმართულებაა. წელს ბათუმს ჰქონდა შანსი, რომ უკეთესად გამოგვეყენებინა, თუმცა იმედია ამას მომავალში მაინც შევძლებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორების რაოდენობა მზარდი იყო, ხარჯვითი ნაწილი დაკლებული იყო მინიმუმ 9-10%-ით. ეს იმ ფონზე, როდესაც ფასები როგორც ბინებზე, ისე დარჩენ სერვისზე ფაქტობრივად გაორმაგებული იყო. ამის ახსნაა ის, რომ ადამიანები ჩამოდიან ნაკლები დროით, ხარჯავენ ნაკლებს და გეოგრაფიაც ჩვენთან ჩამოსული ადამიანების მცირდება. ვართ კონცენტრირებული რამდენიმე ქვეყანაზე. როცა ადამიანების რაოდენობა იზრდება და შემოსავლები მცირდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ“, - აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში დიასამიძემ.
ექსპერტის შეფასებით, ბათუმმა სეზონურობის დასაძლევად ბიზნესს, სპორტული და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებები უნდა განავითაროს.
„სახელმწიფო უნდა შეეცადოს კერძო სექტორთან ერთად, რომ სეზონის გახანგრძლივება მოხდეს. MICE ტურიზმის მუშაობას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჯერჯერობით არცერთი ე.წ. convention ცენტრი, რომელიც კონცენტრირებული იქნებოდა ამაზე, ჩვენთან ბათუმში არ არის“, - აცხადებს დიასამიძე.




























