2024 წლის I კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,371 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 22.8%-იანი და კვარტალურად 5.3%-იანი კლებაა.
Galt & Taggart-ის რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის აპრილში ჩავატარეთ 5 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები აჭარაში აქვთ.
„ბათუმში გაყიდვების შემცირება როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (-23.3% და 22.1% წ/წ, შესაბამისად) გაყიდვების კლებამ გამოიწვია, რაც ნაწილობრივ წინა წლის მაღალი ბაზითაა გამოწვეული.
გაყიდვები შემცირდა ბათუმის ყველა უბანში. ამ შემცირებაში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ახალი ბულვარის ტერიტორია იყო (-25.9% წ/წ)“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
რაც შეეხება ფასს, ბათუმში ახალი პროექტების ფასები (როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე) კვარტალურად 0.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ბინების საშუალო შეწონილი ფასი $857/მ²-მდე შემცირდა, რაც კვარტალურად 8.1%-იანი კლებაა.
„I კვარტალში ბათუმში სულ 209.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 20.5%-იანი შემცირებაა. ამ კლების მთავარი მიზეზი გაყიდვების მნიშვნელოვნად შემცირება იყო“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.