Colliers Georgia-ს მონაცემებით, ივლისში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის ივლისთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 1,376 აშშ დოლარი შეადგინა.
კლების ძირითადი მამოძრავებელი პირველადი ბაზარი იყო, სადაც მაჩვენებელი 14.4%-ით შემცირდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 9.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. Colliers Georgia-ს ცნობით, პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის ივლისში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 2%-ით მოიმატა.
2026 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის ივლისთან შედარებით 11.8%-ით იკლო და 1,378 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 5.2%-ით 92 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
გასულ თვეში უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის ივლისთან შედარებით გაიზარდა და 48% შეადგინა, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 50%-მდე შემცირდა.
უფრო დეტალურად, ბათუმში 2026 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის ივლისთან შედარებით 11.1%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 22.4%-ით იკლო. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-32.8%), მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 19.1%-ით მოიმატა. Colliers Georgia-ს თანახმად, ტრანზაქციების რაოდენობის კლება პირველად ბაზარზე შეიძლება აიხსნას 2025 წლის ივლისში რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით, რამაც გაზარდა გასული წლის მაჩვენებელი.




























