Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 486 ერთეული შეადგინა და გასული წლის ივლისთან შედარებით 22.8%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 36.7%-ით, 393 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.
კერძოდ, 2026 წლის ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 29.8%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (30.5%), ისე მეორეულ ბაზრებზე (28.9%). Colliers Georgia-ს თანახმად, ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ასახავს გაზრდილ მიწოდებას, ხოლო ზრდის 44% სამგორის უბანზე მოდის. ტრანზაქციების რაოდენობა 1.6%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის ივლისში მხოლოდ 12% იყო.
რაც შეეხება ფასებს, ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის ივლისთან შედარებით 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 14.8%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 13.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 10% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.6%-ით გაიზარდა.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის ივლისთან შედარებით ქალაქის ცენტრში 15.1%-ით, ფართო ცენტრში 2.3%-ით, ხოლო გარეუბანში 12.8%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 13.8%-ით მოიმატა.




























