ბათუმში, მუნიციპალური ინსპექცია საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, შემზღუდავი ბარიერებისგან ტერიტორიას ათავისუფლებს.
როგორც ინსპექციის განცხადებაში წერია, პარალელურად მიმდინარეობს, ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილებისგან საპარკინგე სივრცის გაწმენდა.
"პარკირების ზედამხედველობის სამსახური, აგრეთვე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ველობილიკზე, შშმ პირის ტრანსპორტის სადგომზე, პარკირების სხვა დარღვევებისა და ევაკუაციის მონიტორინგს.
აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს მეტი პარკირების სივრცის შექმნასა და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას.
სხვადასხვა სახის კონსტრუქციით საავტომობილო სადგომის პირადი მოხმარების მიზნით თვითნებური შეზღუდვა აკრძალულია.
ფაქტზე სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი 500, იურიდიული კი 2 000 ლარით ჯარიმდება", - წერია მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციაში.




























