ბათუმში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 10.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. შესაბამისი შესყიდვა ბათუმის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.
ტენდერის თანახმად, საბავშვო ბაღები ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ და ნიკო მუსხელიშვილის ქ. N33 „დ“-ის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.
"ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2018 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ((EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია) შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების (გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია) მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარის ოდენობით,"- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
კომპანიებს ტენდერში საკუთარი წინადადებების წარდგენა 11 სექტემბრამდე შეეძლებათ.