კომპანია „რეგუსი“, რომელიც საქართველოში საერთო სამუშაო სივრცეების ქსელს ფლობს, მიმდინარე წელს რეგიონში გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის რეგიონალურმა მენეჯერმა, რუსკა ჩაკვეტაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, მათი ქსელი 4 ფილიალს მოიცავს, რომლებიც თბილისშია განთავსებული, ხოლო 2026 წელს მთავარი მიზანი ბათუმის ბაზარზე შესვლაა.
მისი თქმით, ბათუმი სწრაფად მზარდი ქალაქია როგორც უძრავი ქონების, ისე ბიზნესაქტივობის მიმართულებით, რაც საერთო სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდის. შესაბამისად, ბათუმის ბაზარზე შესვლა კომპანიისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იქნება და რეგიონში საერთო სამუშაო სივრცეების განვითარების ახალ ეტაპს შეუწყობს ხელს.
"განვითარებას ვფიქრობთ... კომპანიის ძალიან დიდი სურვილია და მიზანი, რომ განვითარდეს ბათუმში ამ წელს. იმიტომ, რომ ბათუმიც საკმაოდ მზარდი ბაზარია უძრავი ქონების მიმართულებით. მართალია, უკვე არის გარკვეული სივრცეები, თუმცა საერთაშორისო ქსელი არ არის მანდ შესული", - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
"ჯერ არ გვაქვს ესე კონკრეტულად გადაწყვეტილი. მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე ბიზნესის მფლობელთან და შენობის მესაკუთრესთან. ასევე ერთ-ერთ ძალიან დიდ ქართულ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც სამომავლო პროექტია ბათუმში. ალბათ ესეც განხორციელდება, თუმცა არა წელს ან მომავალ წელს - უფრო გრძელვადიანი პროექტია", - განაცხადა რეგიონალურმა მენეჯერმა.
რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, ჩაკვეტაძის განმარტებით, თანხა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კონკრეტულ ობიექტზე და მის მდგომარეობაზე.
"ძალიან განსხვავდება ჩვენი ინვესტიციის მოცულობა იქიდან გამომდინარე, რა კონდიციაში არის თვითონ შენობა. სხვადასხვა კატეგორიაა, სხვადასხვა კლასის შენობაა და შესაბამისად, რემონტისა და ინვესტიციის მოცულობაც განსხვავდება. რაც უფრო პრემიუმ კლასის არის შენობა, მით უფრო მასშტაბურია ჩადებული ინვესტიციაც. კონკრეტული ციფრების დასახელება ამ ეტაპზე გამიჭირდება", - აღნიშნა მან.




























